ცნობილი ხდება, ხაშური-ოსიაურის გზაზე დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ვინაობა
1794399879
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) და კორეის რესპუბლიკის ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის (Incheon National University – INU) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ჯუნ ჰან ლიმ (Jun Han Lee).
მხარეები შეთანხმდნენ განათლების, სამეცნიერო კვლევების, ინოვაციების, მეწარმეობისა და კულტურული გაცვლითი მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ასევე, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიას შორის კავშირების გაძლიერების შესახებ. დელეგაციას წარმოადგენდნენ INU-ს უნივერსიტეტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი, პროფესორი დონ-კუ კანი და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის დეკანი, პროფესორი ჯინ-ბე ჰონი. ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, სკოლების დეკანებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო-კვლევითი და გაცვლითი პროგრამები, რომლებშიც აქტიურად ჩაერთვებიან ქართველი სტუდენტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობას, მეწარმეობისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაფართოების შესაძლებლობებს, ასევე უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებსა და ინდუსტრიულ პარტნიორებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებისა და გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას, მათ შორის ქუთაისის ადრონული ცენტრის, ნაწილაკების ამაჩქარებლის ტექნოლოგიის გამოყენების, ბიო ჯანმრთელობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროებში. ვიზიტის ფარგლებში, ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაციამ დაათვალიერა KIU-ს ულტრათანამედროვე კამპუსი და შეხვედრები გამართა KIU-ს სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.
ინჩონის ეროვნული უნივერსიტეტი სამხრეთ კორეაში მასშტაბით მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტია. ის განსაკუთრებით ცნობილია ინჟინერიის, მეცნიერების, ბიზნესისა და ინოვაციების მიმართულებებით და აქტიურად არის ჩართული კორეის გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემაში.
აღსანიშნავია, რომ ინჩონის უნივერსიტეტის დელეგაციის აღნიშნული ვიზიტი ქართული დელეგაციის ვიზიტის საპასუხო ნაბიჯია. 2025 წლის ნოემბერში KIU-ს დელეგაცია სეულს სტუმრობდა, სადაც ინჩონის ეროვნულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებისა და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილა.
ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.