„ფინანსურ დავაში „კანონიერი ქურდების“ ჩართვა გადაწყვიტეს...“ - პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის გადაწყვეტაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს უთანხმოება მოუვიდა ორ „კანონიერ ქურდთან“ და იგი ცდილობდა კონფლიქტის მოგვარებას, როგორც საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე, საზღვარგარეთ მყოფი სხვა „კანონიერ ქურდის“ მეშვეობით, რომლის მიზანი იყო ძალაუფლების და გავლენის მოპოვება, რის შედეგადაც ქურდული სამყაროს წევრსა და კანონიერ ქურდებთან არსებული დავა დროებით დასრულდა.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

✕