როგორ მივხვდეთ, რომ ხალი საშიშია - დერმატოლოგის გაფრთხილება

ხალი

დერმატოლოგი, ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში კანზე არსებული წარმონაქმნის – ხალის შესახებ უზიარებს თავის გამომწერებს ინფორმაციას და წერს, რომ კანის წარმონაქმნის სტრუქტურა, პიგმენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ნიშნები დერმატოსკოპიის საშუალებით უნდა შემოწმდეს. დერმატოლოგი სოციალურ ქსელში ფოტოსაც გვიზიარებს და ამბობს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ხალი იცვლის ზომას, ფორმას ან ფერს, ხდება ასიმეტრიული, იწყებს ქავილს, სისხლდენას, ან შესამჩნევად განსხვავდება სხვა ხალებისგან. სპეციალისტი დროული შემოწმების საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ერთი შეხედვით უბრალოდ ხალი, მაგრამ რას ვხედავთ დერმატოსკოპში? ადამიანის კანზე არსებული პიგმენტური წარმონაქმნები ყოველთვის ისეთი მარტივი არ არის, როგორიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ფოტოზე
წარმოდგენილია პიგმენტური წარმონაქმნის დერმატოსკოპიული გამოსახულება, სადაც კარგად ჩანს განსხვავებული შეფერილობისა და სტრუქტურის უბნები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა მუქი ან უჩვეულო ფორმის ხალი საშიში არ არის, თუმცა არც მისი უვნებლობის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ გარეგნული იერით.

რატომ არის მნიშვნელოვანი დერმატოსკოპია? – დერმატოსკოპია საშუალებას გვაძლევს, უფრო დეტალურად შევაფასოთ კანის წარმონაქმნის სტრუქტურა, პიგმენტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ნიშნები. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ხალი: იცვლის ზომას, ფორმას ან ფერს; ხდება ასიმეტრიული; იწყებს ქავილს ან სისხლდენას; შესამჩნევად განსხვავდება სხვა ხალებისგან.

გახსოვდეთ: კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დროული შემოწმებით იწყება!“ – წერს ვერიკო აბრალავა სოციალურ ქსელში.

✕