"ოჯახის წევრებთან არაერთხელ ვთქვი, "გიჟთან" ვმუშაობ-მეთქი..." - რას წაიკითხავთ ილია თოფურიაზე დაწერილ წიგნში

kekelidze

"დედა და ილია" - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 12 ოქტომბერს შედგება. წიგნის ავტორია გიორგი კეკელიძე. პროექტის მთავარი მხარდამჭერი კი - SMH Sports-ია. 

ეს UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის ისტორიაა, აფხაზეთიდან - ალიკანტემდე, ომიდან - მშვიდობამდე, ტკივილიდან - გამარჯვებამდე, დაცემიდან - ჩემპიონის პედესტალამდე! ქალბატონი ინგა წიგნის თანაავტორად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მის ემოციურ მონათხრობს, კეკელიძემ, ჩვეული მაგიით, ლიტერატურული ხორცი შეასხა და წინ დიდი, ტკივილიანი სიამოვნება გველის. 

გიორგი კეკელიძე ამბობს, ეს წიგნი ინგას დაუჯერებელი ბიოგრაფიის წყალობით, ბესთსელერობისთვისაა "განწირულიო". ასეც იქნება. 

ჩემპიონის დედამ "პრაიმტაიმს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. ეს კი წიგნთან დაკავშირებული ამონარიდია. 

ინგა ბენდელიანი-თოფურია: ჩემი ტკივილიანი ბიოგრაფია წიგნად მინდოდა მექცია. შემდეგ პერიოდულად, სულ მეხმიანებოდნენ ადამიანები და ილიაზე წიგნის დაწერას მთხოვდნენ. მათ შორის, უცნობები. ვერავინ მოვიდა ისე ახლოს, როგორც გიორგი. მწერალი ფსიქოლოგიცაა, ვისთანაც გამჭვირვალე უნდა იყო და შეგეძლოს თავისუფლად ისაუბრო. მასთან სულიერ კავშირში იყო. მივედი დედა თინათინთან. გიორგიც იქ იყო. გავიცანი. მას თავდაპირველად მხოლოდ ილიაზე სურდა წიგნის დაწერა. თუმცა ვუთხარი, მე უფრო მეტი მაქვს სათქმელი-მეთქი...

გიორგის წერის მანერა ჩემთვის ახლობელია და მისი გამოჩენა ამ წიგნის დასაწერად, მე პირადად, დიდ საჩუქრად მივიღე.

საქმე, მეც და გიორგისაც, ალბათ, იმან გაგვიადვილა, რომ მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ჩემს ტკივილს და სიხარულს მშრალად ვერ გადმოვცემ. ამდენად, ჩვენ შორის ძლიერი ემოციური ველი გაჩნდა. ჩემი მონათხრობი გიორგიმ ზუსტად ისე გადმოსცა, როგორც მინდოდა. დამუშავებულ თავს რომ გამომიგზავნიდა, პრაქტიკულად შენიშვნა არ მქონია. ოჯახის წევრებთან, არაერთხელ ვთქვი, "გიჟთან" ვმუშაობ-მეთქი. გიორგის ვუყვებოდი, ვთქვათ, ალიკანტეზე, უცებ გამაწყვეტინებდა, ქალბატონო ინგა, სოხუმში ამა და ამ დღეს... და მკითხავდა რაღაც სხვაზე. ვფიქრობდი, კონტექსტიდან არ ამოვარდეს-მეთქი. სინამდვილეში, თავში ალაგებდა ინფორმაციებს, ახლანდელსა და 20 წლის წინანდელს. და ფაზლიც შეკრა. თავი საუკეთესოდ გაართვა. კმაყოფილი ვარ.

გიორგი კეკელიძე: ამ წიგნზე ხუთი თვე ვმუშაობდი. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას, დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით - სოხუმი - ჭუბერი - რუსთავი - ჰალე - რუსთავი - ალიკანტე - კალიფორნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას.

ვფიქრობ, რომ წიგნი "განწირულია" ბესტესელერობისთვის" და ეს, ცხადია, დიდწილად, სწორედ ქალბატონი ინგას დაუჯერებელი ბიოგრაფიის მიზეზით - აფხაზეთი, ომი, სისხლი, ჭუბერი, დევნილობა, ორგზის ემიგრანტობა, ჩემპიონი შვილი - უამრავი მიზეზი არსებობს ამ წიგნის წაკითხვის.

მკითხველისთვის ეს საქართველოს უახლესი ისტორიისთვის თვალის ხელახლა გადავლება და სულაც, გაცნობაა - ახალი თაობისთვის, მაგალითად.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"დიახ, მე 15 წლის შვილი მყავს“ – გელა დაიაურის ემოციური პოსტი

როგორ გავთავისუფლდეთ შემოდგომის მელანქოლიისგან