დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
SMH Sports წარმოგიდგენთ UFC ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას მოთხრობილ ამბავს, ცხადია - გიორგი კეკელიძის ოსტატობით დაწერილს: ამბავი ომზე, სისხლზე, ფსკერზე, სიყვარულზე, მოთმენაზე, ბრძოლაზე და გამარჯვებაზე...
წიგნი რომ ბესთსელერი გახდება, ესეც ცხადია. აი, რა წინასიტყვაობა წაუმძღვარა ჩემპიონის დედამ გიორგი კეკელიძის ახალ წიგნს.
,,ყოველთვის მინდოდა, ჩემი დაუჯერებელი ისტორია ისეთი ადამიანისთვის მომეყოლა, რომლისთვისაც ეს ახლო და გასაგები იქნებოდა, თანაც შესაბამის მხატვრულ დონეზე შეძლებდა მის გადმოცემას.
როცა მწერალს საკუთარ ამბავს უყვები, თითქოს ფსიქოლოგს ელაპარაკები - უნდა ენდობოდე. გიორგისთანაც ასეა. როცა მეკითხებიან, როგორია გიორგი კეკელიძე, როგორია მასთან მუშაობა, მე პირდაპირ ვპასუხობ, რომ გიჟთან, არანორმალურ ვმუშაობ - ვუყვები, მისმენს, უცებ მაწყვიტინებს, სულ სხვა რამეს მკითხავს, მგონია, ეს ძირითადი არ დაავიწყდეს და მეორე დღეს ჩემი ამბები სრულად და საოცრად მხვდება აწყობილი.ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ამ ისტორიებს, რომელიც თან ჩემია და თან თითქოს ამ წიგნის უცნობი მკითხველი ვარ, რომელსაც ძალიან ეტკინა ეს ტრაგიკული ამბავი. ვზივარ, საკუთარ წარსულს დავსტირი და თან ძალიან ამაყი ვარ, რომ ამას გავუძელი. მადლობა ღმერთს, რომ სრულიად შემთხვევით ჩემს სოხუმელ მეგობართან, დედა თინათინთან შევხვდი გიორგის და ასე სპონტანურად დაიბადა ჩემი სულის ამოძახილის, ცრემლით გაჟღენთილი ფაზლის აწყობა.ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ავტორმა გაითავისა ჩემი გზა, ჩემი აფხაზეთი, რადგან ეს ისტორია არ არის მხოლოდ ჩემი ტკივილის ნაწილი - ეს არის საქართველოს რეალური მატიანე, ოთხმოცდაათინები, ომი, მარცხი, კრემლისგან ოკუპაცია, ტკივილი, გადარჩენა და გამარჯვება.ილიას ჩემპიონობა კი ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია სულ იბრძოლო, არ დაეცე, თუ დაეცი - წამოდგე და შეუძლებელია არ გაიმარჯვო. მე ამ ჩემპიონობის მონაწილე ვარ. მე და ილიამ ეს გზა ერთად გავიარეთ და იმ დღეს ჩემი დიდი ოჯახი მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირდა. თუნდაც ამ გამარჯვებისთვის." ინგა ბენდელიანი-თოფურია