„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე დუმილს არღვევს

ილია თოფურია

ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე, ვენესუელელი ბიზნესმენი ჯორჯინა უსკატეგუი, პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა. პოდკასტ El Cafetal-ში სტუმრობისას მან განქორწინების რთული პერიოდი გაიხსენა და გულწრფელად ისაუბრა იმ ემოციურ ტკივილზე, რომელიც ქორწინების დასრულებას, მედიის განსაკუთრებულ ყურადღებასა და მცირეწლოვან შვილზე ზრუნვას ახლდა თან.

30 წლის ბიზნესმენს პირდაპირ ჰკითხეს, რა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე რთული გამოცდილება. პასუხი ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა:

„ეჭვგარეშეა, განქორწინება“.

ჯორჯინას თქმით, ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმე რამდენიმე გარემოების ერთდროული თანხვედრის გამო აღმოჩნდა. ის უცხო ქვეყანაში, ოჯახისგან შორს იმყოფებოდა, პარალელურად კი ერთ წლამდე ასაკის ქალიშვილზე ზრუნავდა. ამ ყველაფერს ემატებოდა განქორწინების გარშემო ატეხილი მედიაური ხმაური და საზოგადოებაში გავრცელებული ცნობები.

„განქორწინება თავისთავად მტკივნეული და რთული პროცესია, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ამას კიდევ ბევრი სხვა გარემოება დაემატა, რამაც ყველაფერი ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია“, – იხსენებს ის.

მისი თქმით, მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა იმის მოსმენაც, თუ როგორ განიხილავდნენ მის პირად ცხოვრებას მედიაში. ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ მასზე მძიმე ემოციური გავლენა მოახდინა.

„თავიდან ეს ძალიან მაწუხებდა, დეპრესიამდეც კი მიმიყვანა“, – ამბობს ჯორჯინა.

მისი თქმით, ახლობლებმა ურჩიეს, გარკვეული დროით ჩამოშორებოდა ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებს, რათა საკუთარ ემოციურ მდგომარეობასა და ქალიშვილზე ზრუნვაზე გადაეტანა ყურადღება. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ საკუთარი სიმშვიდის დასაცავად ეს აუცილებელი იყო.

ჯორჯინა ასევე იხსენებს, რომ ქორწინებისას მთელი ცხოვრება ერთად ყოფნას გეგმავდა და ურთიერთობის დასრულება მისთვის იმ მომავლის დაკარგვასაც ნიშნავდა, რომელსაც წლების განმავლობაში წარმოიდგენდა.

მიუხედავად მძიმე გამოცდილებისა, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ დაშორების გადაწყვეტილება სწორი იყო.

„ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის და არც თავად პროცესია მარტივი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომლის მიღებაც შემეძლო“, – აღნიშნა მან.

ყოფილ მეუღლეზე საუბრისას ჯორჯინამ ისიც განმარტა, რომ ილია თოფურიასთვის ცუდი არაფერი სურს, რადგან ის მისი შვილის მამაა.

„მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, რადგან ის ჩემი ქალიშვილის მამაა“, – განაცხადა ბიზნესმენმა.

ინტერვიუში ჯორჯინა საკუთარ სულიერ მდგომარეობასაც შეეხო. მისი თქმით, განქორწინების პერიოდში იმდენად გატეხილი იყო ემოციურად და სულიერად, რომ რწმენის გარეშე ამ რთული ეტაპის გადალახვა გაუჭირდებოდა.

„არ ვიცი, როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ღმერთთან ასეთი ურთიერთობა რომ არ მქონოდა. მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“, – აღიარა მან.

✕