პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პიტბულის მიერ ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში არსებობს შესაბამისი რეგულაცია შინაური ცხოველების საზოგადოებრივ ადგილებში გადაყვანის წესის შესახებ, კანონის მიმართ გამოხატული გულგრილობისა და მისი აღსრულების მექანიზმის არარსებობის გამო, მოქალაქეები საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ.
კერძოდ, თბილისში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ დადგენილება პირდაპირ ამბობს:
„ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა, ასევე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბელით და ალიკაპით“, - წერია კანონში.
იურისტი ლევან ალაფიშვილი „პრაიმტაიმთან“ კანონის აღსრულების აუცილებლობის შესახებ საუბრობს. ის ხელისუფლებას ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმოებისკენ მოუწოდებს.
„ეს ძალიან პრობლემური საკითხია. აღნიშნული კანონმდებლობა საქართველოში ნამდვილად არსებობს, თუმცა სხვა საკითხია, რატომ არ მუშაობს იგი. სამოქალაქო კოდექსი ამბობს, რომ თუკი ჩემმა ცხოველმა სხვას ზიანი მიაყენა, ჯანმრთელობის თუ ქონების კუთხით, პატრონი არის პასუხისმგებელი ზიანის ანაზღაურებაზე და ჯანმრთელობის ხარჯების გაწევაზე, რაც ბევრმა ადამიანმა, შესაძლოა, არ იცის.
ამ კუთხით, მთავრობამ, მუნიციპალურ თუ ცენტრალურ დონეზე, მეტი საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოოს. როგორც ჩანს, სკვერში მიკრული საინფორმაციო ფურცელი ეფექტურად ვერ მუშაობს. სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს, რომ ოჯახს, რომელსაც აღნიშნული ცხოველი სახლში ჰყავს, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.
ამ საკითხის შესახებ მუნიციპალიტეტებმა და შესაბამისმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარგი საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ, რათა აღნიშნული საკითხის პრობლემურობა უკეთ გამოჩნდეს“,- განაცხადა ალაფიშვილმა.
რა მოხდა თბილისში?
გუშინ ვარკეთილში, პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის, ერთ-ერთი ძაღლის პატრონია.
სამივე პირი კლინიკაშია გადაყვანილი.
,,პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ძაღლი შემთხვევის ადგილას მყოფი ბავშვებისკენაც იწევდა.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია მოახდინა.