ნარკორეალიზატორს ზღვისპირა კურორტზე ნარკოტიკი ნაქირავებ ბინაში ჰქონდა შენახული - ნარკოდანაშაულის ბრალდებით, პოლიციამ 8 პირი დააკავა

პოლიცია

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ნაქირავებ საცხოვრებელ სახლში, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დააკავეს. მეზობლები "კურიერთან" ადასტურებენ, რომ ამ მისამართზე პოლიცია ნამდვილად იყო მობილიზებული. გამოძიების ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი. სამართალდამცველებმა ამოიღეს სპეციალური ხელსაწყოებიც, რითაც წყვილი ნარკოტიკულ საშუალებებს გასაყიდად ამზადებდა.

დადიანის ქუჩის გარდა, თბილისში, ნარკორეალიზატორები სხვა ლოკაციებზეც დააკავეს. ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს მამაკაცს, რომელიც აკრძალული ნივთიერებების რეალიზაციას აპლიკაცია - "ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. კიდევ ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცებად, ამოღებულია 34 შეკვრა "მეტადონი", რომლის განთავსებას ბრალდებული, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე გეგმავდა.

ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია გრძელდება აჭარაშიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბათუმში, ბელარუსის მოქალაქე დააკავა, რომელიც ნაქირავებ ბინაში დიდი ოდენობით ნარკოტიკებს აფასოებდა და სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა. "კურიერს" ადგილზე დაუდასტურეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სულ 8 პირი დააკავეს. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ. ფაქტზე საჯაროდ არც ადვოკატები საუბრობენ. სასამართლომ მათ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მხოლოდ მიმდინარე წელს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სისხლის სამართლის 300-ზე მეტ საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამოღებულია 84 კილოგრამი "ჰეროინი", 12 ათასამდე აბი "სუბოტექსი", 2,5 კილოგრამი "კოკაინი" და სხვა მძიმე ნარკოტიკული საშუალებები. ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილი და დაკავებულია 60-მდე მსხვილი ნარკორეალიზატორი.

ასევე დაგაინტერესებთ:

Exclusive: „ჩემი ნამდვილი გვარი ბექაური არ არის, დრო მოვიდა ვთქვა...“- როგორ მოხვდა ფანდურა ჭურჭლის მრცეხველობიდან სცენაზე და მუსიკოსის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავება-ექსტრადირების მოთხოვნით გერმანიისა და ბელგიის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა

Firefighter – სიმღერა, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს