„მთელ ერს პატიება და შენდობა აქვს სათხოვნელი, რომ არ დავიცავით...“ - ვრცელდება მამა შალვა კეკელიას ქადაგება

მამა შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი სოციალურ ქსელში მამა შალვა კეკელიას ქადაგებას ავრცელებს.

„პატრიარქის ერთ-ერთ ქადაგებაში ეწერა - „ნიჭიერ კაცს დაფასება სჭირდება... და მერე აგრძელებს, რომ ყველა ადამიანი ნიჭიერია. მთავარია აღმოაჩინო, რისი ნიჭი გაქვს, რით შეგიძლია ამ ქვეყანას ემსახურო“
ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი პატრიარქი, ამდენი აყვედრეს და რა არ ილაპარაკეს მასზე. მთელ ერს პატიება და შენდობა აქვს სათხოვნელი, რომ არ დავიცავით ის. ერთი ილია უკვე მოვკალით, ტყვია ვესროლეთ, ნუთუ არ უნდა გამოვფხიზლდეს ჩვენი ერი?! ნუთუ არ გვეყო ქართველებს ერთმანეთის ლანძღვა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ერთმანეთის დამცირება. პატრიარქი სულ მოგვიწოდებდა, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ეს ქვეყანა უნდა გვიყვარდეს. არ შეიძლება პატრიარქი გიყვარდეს და მის შექმნილ საპატრიარქოს, ეკლესიას და გაზრდილ შვილებს ლანძღავდე და ამით რწმენის სულს კლავდე ახალგაზრდებში.

მაგრამ ქართულ სულს ვერ მოკლავენ. ქართველი დღეს დადგა ფეხზე, მთავარია, ეს ერთობა შევინარჩუნოთ, ადამიანებს ვაპატიოთ და ჩავეხუტოთ. თუ პატრიარქი გვიყვარს, არ შეიძლება სხვა ადამიანების მიმართ ბოროტება გვქონდეს, უსიყვარულობა ან სიძულვილი. არ შეიძლება.

ვერ გადავრჩებით, თუ ქართველი ერი არ დაბრუნდა ეკლესიაში, თუ არ მივიდნენ მოძღვრებთან, დადგნენ მსახურებებზე და აღსარებაზე. სწორედ ეს უნდოდა პატრიარქს მთელი ცხოვრება, რაც დღეს ხდება. სულ ამაზე ლოცულობდა - „ღმერთო, გადაარჩეინე და გაამთლიანე საქართველო“. და „ღმერთო, ქართველებს ერთმანეთი შეგვაყვარე“ ღმერთმა შეგვაძლებინოს ქართველებს ამ გზაზე სიარული“