Axios: აშშ-მა რუსეთს მოუწოდა, ევროპასთან უსაფრთხოების შესახებ ახალ შეთანხმებაში საკუთარი მოთხოვნები და დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯები ჩამოაყალიბოს

 აშშ-მა რუსეთს მოუწოდა, ევროპასთან უსაფრთხოების შესახებ ახალ შეთანხმებაში საკუთარი მოთხოვნები

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სთხოვა, წარადგინოს ახალი წინადადება ევროპასთან მომავალი უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ, რომელიც მოსკოვის მხრიდან კონტინენტთან ურთიერთობებში დაძაბულობის შესამსუბუქებლად გადასადგმელ ნაბიჯებს გაითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო Axios-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა, გაეფორმებინა ევროპული უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება, რომელიც შეზღუდავდა ნატოს გაფართოებას და შეამცირებდა ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში. წარსულში აშშ უარყოფდა ამ მოთხოვნებს, თუმცა ახლა, როგორც ჩანს, მზად არის, გარკვეული ფორმით განიხილოს ისინი, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების ფარგლებში.

თუმცა, ბევრი ევროპული ქვეყნის მთავრობა ადმინისტრაციის ასეთ მიდგომას დიდი ეჭვით უყურებს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს, 12 ნოემბერს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან, რათა ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ წამოაყენონ. აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ მათ ასევე სურთ, რომ პუტინმა ევროპელ წარმომადგენლებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მონაწილეობის უფლება მისცეს.

აშშ-ის წინადადება ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ შეთანხმების დადების თაობაზე, როგორც უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმების ნაწილი, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო.

რუსმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ პუტინი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა, რომ აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არ უპასუხა 2021 წელს გაგზავნილ წერილს, რომელშიც კრემლის ლიდერი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა, - განაცხადა მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კუშნერმა და უიტკოფმა რუსებს უთხრეს, რომ მსოფლიო 2021 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა.

მათ რუსულ მხარეს შესთავაზეს, მოამზადონ ახალი პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს მის შეშფოთებასა და მოთხოვნებს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე განსაზღვრავს, თუ რა „სიმეტრიული ნაბიჯების“ გადასადგმელად არის მზად მოსკოვი კონფლიქტის დეესკალაციისთვის და ევროპის დასარწმუნებლად, რომ მომავალში თავდასხმას არ განახორციელებს.

კუშნერმა და უიტკოფმა რუსებს ასევე უთხრეს, რომ ევროპაში უსაფრთხოების საკითხების სერიოზული განხილვისთვის ისინი უნდა დაეთანხმონ ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობას მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

აქამდე რუსეთს არ სურდა, ევროპას უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღო.

აშშ იმედოვნებს, რომ ევროპელი წარმომადგენლებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილის გამოყოფა მათ მთავრობებს უფრო მეტად განაწყობს უსაფრთხოების შესახებ უფრო ფართო შეთანხმების განხილვისა და გაფორმებისკენ ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე.

„ზელენსკი შეთანხმებას იქამდე არ დათანხმდება, ვიდრე არ ეცოდინება, რა მოხდება შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით და პუტინსაც სურს ამის ცოდნა. სწორედ ამიტომ არის უსაფრთხოების საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა წყარომ.

წყარომ დასძინა, რომ აშშ-მა ევროპულ ქვეყნებს მკაფიოდ განუცხადა, რომ ისინი არ დათანხმდებიან რუსეთთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, თუ მას ევროპა და უკრაინა არ შეუერთდებიან. წყაროს თქმით, აშშ ასევე არ მისცემს რუსეთს ვეტოს უფლებას ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე.

✕