ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი ფეისბუქზე 12 წლის ვუნდერკინდ მუსიკოსზე - ცოტნე ზედგინიძეზე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს.
"მოცარტის გამარჯვება!!!
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, რამდენიმე წუთის წინ, ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოაცხადა - გიორგი ზედგინიძის სააპელაციო საჩივარი ბავშვების ამღზრდელი ბებიისგან განცალკევების, 9 თვით მამიდის ოჯახში განთავსებისა და დროის ამ მონაკვეთში, შვილიშვილებთან ბებიის კომუნიკაციის აკრძალვის შესახებ, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არ დაკმაყოფილდა.
უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ამდენად, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ყოფილი სიძის უბინძურესი ბრალდებები ნინო მამრაძის მიმართ ბავშვებზე ძალადობის შესახებ, წარმოადგენდა შურისძიების გამოხატულებას, რომლის მიზანს ბავშვების ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან, მათი ნების საწინააღმდეგოდ გაყვანა და შვილის საერთაშორისო კონცერტებიდან მიღებული შემოსავლის კონტროლი წარმოადგენდა (სხვა დავის ფარგლებში, ორივე ინსტანციამ მამას უარი უთხრა გარიგებების ხელმოწერაზე).
"პრაიმტაიმი" ცოტნეს აღმზრდელ ბებიასა და მის მუსიკალურ პროდიუსერს, პიანისტსა და პედაგოგს, ნინო მამრაძეს დაუკავშირდა.
ნინო მამრაძე: - ჩვენი ადვოკატი, დიდი პროფესიონალიზმისა და ადამიანური თვისებების მქონე ბატონი არჩილი, მიუხედავად ყველა იმ კოშმარული შეტევისა, რაც მას ბატონი გიორგი ზედგინიძისგან (ყოფილი სიძისგან) და მისი ადვოკატისგან ჰქონდა, არც ერთხელ არ შედრკა.
დღეს ამ განაჩენის გაგებისთანავე ბავშვები - ცოტნე და ნინიკო სიხარულისგან ხტოდნენ ჩემთან ერთად! კიოდნენ - ვაშაო, იყო აპლოდისმენტები! ეს დიდი შვებაა ჩვენთვის.
ეს ადმინისტრაციული პერიოდი მძიმედ გადავიტანეთ. ვიცოდი ბავშვების ინტერესები გაიმარჯვებდა, მაგრამ დიდი დაძაბულობა სუფევდა.
ირინა სულხანიშვილი და გიორგი ზედგინიძე, როგორც ქალბატონი ნინო გვიყვება, არც თუ სახარბიელო ურთიერთობაში იყვნენ. ირინას გარდაცვალებამდე (შვიდი წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა) წყვილი ნინო მამრაძის ოჯახში ცხოვრობდა.
"ჩემი სიძე ირინაზე 11 წლით უფროსი იყო. გიორგიმ ჩვენთან იცხოვრა რამდენიმე თვე, ცოტნეს დაბადების მეორე დღეს კი წავიდა. მას შემდეგ არც არასდროს დაბრუნებულა. ირინა და გიორგი ოფიციალურად გაყრილები არ ყოფილან. ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. გაყრას მე ვაფერხებდი, სულ ბავშვებზე ვფიქრობდი. არ მინდოდა ისინი გიორგის მხრიდან მანიპულირების ნაწილნი ყოფილიყვნენ. ირინა რომ გარდაიცვალა, ნინიკო წინა დღეს სამი წლის გახდა, ცოტნე ხუთის იყო.
ირინა 44 წლის შესრულდებოდა..." - ამბობს "პრაიმტაიმთან" ნინო მამრაძე.
როგორც ვუნდერკინდი მუსიკოსის ბებია გვიყვება, ეს დავა ზედგინიძე-მამრაძეებს შორის იმიტომ დაიწყო, რომ ბატონი გიორგი შვილებთან ისეთ ურთიერთობაზე გადავიდა, როგორსაც მანამდე ის შვილის ბებიაზე ახორციელებდა.
ნინო მამრაძე: - ჩვენ, მე და ჩემი ძმა, პეტრე მამრაძე მისი ოჯახით, ბავშვების გამო, ყველაფერს ვითმენდით. ვითმენდით მის ცილისწამებას, რომ თითქოს ბავშვებს მე მის წინააღმდეგ განვაწყობდი. ბოლოს გადავიდა ბავშვებზე, იფიქრა, რომ ეს ყველაზე კარგი გზა იქნება. აიღო და სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომ ბავშვები მასთან საცხოვრებლად გადასულიყვნენ.
მოსამართლემ, სოცმუშაკებმა რომ გამოკითხეს ბავშვებს და მათგან აბსოლუტურად მტკიცე უარი მიიღეს, შემდეგ უკვე ისეთი ადამიანები იპოვეს, სხვას რომ მოეყოლა, ვერ დავიჯერებდი. ზრუნვის სააგენტოს მუშაკებმა ჩემთან მოუსვლელად ისეთი რაღაცების დაწერა შეძლეს, რომ წარმოუდგენელია. არ მოდიოდნენ, ჩვენ არ გვკითხავდნენ, არც ბავშვებს. ბოლოს ბავშვებთან მოვიდნენ და უმტკიცებდნენ, რომ მამას ყველაფრის უფლება აქვს, მის გარეშე ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ, ვერც ექიმთან ვერ წახვალთო და საბოლოოდ დააშინეს.
ორჯერ მომივიდა შეტყობინება, რომ მე თურმე სასამართლოს განჩინებას იმის თაობაზე, რომ მამამ ბავშვები კვირაში ორჯერ ნახოს, არ ვემორჩილები.
ამ კაცმა ისე დააშინა ბავშვები, რომ უკვე მასთან წასვლა აღარ შეუძლიათ ცოტნეს და ნინიკოს. პოლიციაში მიჩიოდნენ და ცილს მწამებდნენ, რომ ვითომ მე ბავშვებს ტუალეტში ვკეტავ, არ ვაჭმევ. რომელი ერთი ჩამოგითალოთ. როგორ იტაცებდნენ ბავშვებს და მსგავსი საშინელებები...
როდესაც სასამართლოს მისცა საჩივარი, რომ თითქოს ბავშვებს ვერ ნახულობს, ამ დროს კვირაში ორჯერ ღამე ჩვენთან რჩებოდა. უწყისი თებერვალში რომ მოგვივიდა, ცოტნემ დაურეკა მამამისს და უსაყვედურა, როგორ დაწერე ეს საჩივარი, შენ და ნატაშა (მამის ცოლი) მანგლისში ჩვენთან ხომ ცხოვრობდითო? შენ ამას მერე გაიგებო, უპასუხა. მერე ბავშვების დაშინება დაიწყო. სასამართლომდე ეუბნებოდა, რასაც მე ვიტყვი მხოლოდ ისე იქნება ყველაფერიო, მერე უკვე ჩემ ძაგებაზე გადავიდა - ბებიას არ უყვარხართ, თქვენთან მხოლოდ იმიტომ არის, რომ მარტო ძილის ეშინიაო.
ცოტნეს პირველი საჯარო კონცერტი ლამის ჩაუშალა. არ მოსწონს კლასიკურ ჟანრში რომ წერს ბავშვი. ტყუილებს ეუბნებოდა, ყველა მუსიკოსი დაგცინოდა ამ კონცერტზეო. შენ კინომუსიკა უნდა დაწერო და ლოს-ანჯელესში უნდა ვიცხოვროთო, ასეთი სურვილი გაანდო ბავშვს. საესტრადო ნაწარმოების დაწერას აძალებდა. იყო მუდმივ ტერორში და ტყუილებში.
ჩემი შვილის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, ინტერნეტით გაიცნო და უკრაინიდან ჩამოიყვანა ნატაშა. ჯვარი მოგვიანებით დაიწერეს, მაგრამ მერე ის ქალი მაინც დაბრუნდა უკრაინაში.
ეს ქალი ჩემთვის დიდი იმედი იყო. ვფიქრობდი, ბავშვებს გვერდში ამოუდგებოდა. ვცდილობდი, მაქსიმალურად მეკონტაქტა მასთან. მაგრამ მერე მან მითხრა, როგორც გოგის უნდა, ისე ვიქნებიო. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეუხერხულებოდა ასეთ უწესო თამაშში მონაწილეობა. ამიტომ პასუხისმგებლობა მოიხსნა.
მე მამასა და შვილებს შორის ურთიერთობას არასდროს ვკრძალავდი, ოღონდ კი ეს ურთიერთობა ყოფილიყო. სხვა საქმეა, თვითონ რას ახერხებდა და რას - არა. ჩემგან დიდი დახმარება ჰქონდა. მისგან კი თვალცრემლიანი ბრუნდებოდნენ ჩემთან ბავშვები.
ჩემი შვილი რომ გარდაიცვალა, გიორგი ჩვენთან დავპატიჟე საცხოვრებლად. თვალზე არ დამენახონო, გვითვლიდა. ბავშვებს თვრამეტ წლამდე დედის სახელი არ უნდა ეხსენებინათ, ირინას ფოტოები არ უნდა ენახათ. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ?
სასამართლოში რომ ბავშვებისგან უარი მოისმინეს, მერე მოიგონეს მოდელი, რომ მე ვარ მოძალადე და ჩემს გამო არ მიდიან ბავშვები მამასთან. ბავშვებს ჩემგან დამცავი ორდერი გამოუწერეს. ამიტომ ითხოვდნენ ცხრა თვით მათ წაყვანას მამიდასთან, რომელიც პროკურორის მეუღლეა. შეიკრა სოცმუშაკთა ჯგუფი, ჩაინიშნა ადმინისტრაციული სასამართლო. ანუ მეორე სასამართლო. სოც სამსახურის ამ "არაჩვეულებრივი პიროვნებების" დასკვნებით უნდა დაედგინათ, რომ მე მოძალადე ვარ. პროკურორის ოჯახმა ხელი მოაწერა იმას, რომ ბავშვები მათთან გადასულიყვნენ საცხოვრებლად, ცხრა თვის შემდეგ კი, "გამოჯანმრთელებული ფსიქიკით", მამის ოჯახს დაბრუნებოდნენ.
ბავშვებს დაკითხვის შემდეგ, მოსამართლეები ისე აქებდნენ, რომ შემდეგ სულ სინანულს გამოთქვამენ არსებული სიტუაციის გამო. მათი მისამართით მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის.
ცოტნეს ძლიერი ნებისყოფა და კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნება აქვს. ვფიქრობ, როცა ბავშვები ფეხზე უფრო ძლიერად დადგებიან, ამ ადამიანს, მამამისს შეიძლება ხელიც გაუწოდონ. ახლა ისინი უბრალოდ თავს იცავენ. მადლობა საზოგადოების ყველა წევრს, ბავშვების ასეთი გულითადი მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის!
ცოტნემ და ნინიკომ დიდი თანადგომა დაინახეს და გამხნევდნენ. უზარმაზარი მადლობა ყველას.
ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი წერს: 10-თვიანი სამართლებრივი პროცესი ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ დასრულდა. ის, რაც ამ საქმეზე ჩაიდინა ე.წ ზრუნვის სააგენტომ, არის დანაშაული. ეს საქმე გახდება დიდი მხილების, ფაქტების სამზეოზე გამოტანისა და ყველაფერზე სახელის დარქმევის საფუძველი!
მინდა მივულოცო ნინო მამრაძეს ეს შედეგი. სულ სხვაა დოკუმენტურად დადგენილი სიმართლე. ქალს, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ცოტნეს და ნინიკოს აღზრდას. ცოტნეს, როგორც შემოქმედებითი მოვლენის ჩამოყალიბებას.მინდა ცოტნეს და ნინიკოს მივმართო: გილოცავთ! მე ყოველთვის ვიქნები თქვენთან.ვულოცავ მუსიკალურ და არამხოლოდ მუსიკალურ საზოგადოებას!