ამინდი უარესდება - ნახეთ, მომდევნო დღეების პროგნოზი
1728567840
20 იანვარს, ღამით, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. არსებული ფაქტის შედეგად, 5 ადამიანი დაიჭრა, 6 კი დაიღუპა, რომელთაგან ერთი პოლიციელია. თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია, რომელიც 2001- 2021 წლებში ავღანეთში იბრძოდა.
რა იყო ამ ტერორისტული აქტის განხორციელების მიზეზი უცნობია.როგორც ადგილობრივები ამბობენ, ყოფილ ჯარისკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რაც ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერ დ ფიზიკურ ძალადობაშიც გამოიხატებოდა.
რთულია გადაჭრით ვისაუბროთ, რამ განაპირობა ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ამგვარი აფექტური მდგომარეობის გამოწვევა, თუმცა არსებობს ტენდენცია, როცა ომგამოვლილ ადამიანებს ფსიქიკა უზიანდებათ. სწორედ, ამიტომ „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რამდენად ეფექტურად უტარდებათ სამხედროებს, ბრძოლის ველზე გასვლამდე და შემდეგ, შესაბამისი ფსიქოლოგიური კურსი.
როგორც ფსიქოლოგი ნინო კომახიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, საქართველოში ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ზედაპირზეა. მისივე თქმით, სამხედროებთან უფრო ეფექტური ფსიქოლოგიური მუშაობა არის საჭირო.
„ამერიკის შეერთებული შტატებში ან ევროპის ქვეყნებში მებრძოლი ადამიანების ფსიქორეაბილიტაციის პროცესს მნიშვნელოვანი როლი უკავია.
ზოგადად, ადამიანისთვის ძალიან მძიმე ტრავმაა ცხელ წერტილში ბრძოლა. თუ მებრძოლ ადამიანს დარჩა ისეთი ტრავმა, რომელიც არ იქნება ნამკურნალები, შესაძლოა, აღნიშნული არასახარბიელოდ დასრულდეს - საკუთარ თავს ან სხვა ადამიანებს ავნოს.
საქართველოში ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა ძალიან ზედაპირზეა. მნიშვნელოვანია სამხედროებთან უფრო ეფექტური ფსიქოლოგიური მუშაობა, რათა უარყოფითი შედეგები არ მივიღოთ“,- განაცხადა კომახიძემ.
მებრძოლ ადამიანებთან ეფექტური ფსიქოლოგიური მომზადების აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში ნიკა ჩიტაძეც. როგორც ის „პრაიმტაიმთან აცხადებს, ფსიქოლოგიური მომზადების გარდა, ადამიანის ტიპზეც არის დამოკიდებული, რამდენად გაუძლებს ცხელ წერტილში ბრძოლას.
„როცა ადამიანი ბრძოლის ველზე იმყოფება, მას გარკვეული ინსტინქტები უმძაფრდება. შესაძლებელია, რომ ცხელ წერტილში ბრძოლამ ადამიანს ფსიქოლოგიური დაღი დაასვას, ასეთი შემთხვევები ნამდვილად ყოფილა. ჩვენს ქვეყანაში სამხედროებს ფსიქოლოგიური კურსი უტარდებათ, თუმცა ეს პროცესი გასაუმჯობესებელია. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ „მხოლოდ წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა“, ანუ ადამიანის ტიპზეც არის დამოკიდებული, გაუძლებს თუ არა ცხელ წერტილში ბრძოლას",- განაცხადა ჩიტაძემ.
აღსანიშნავია, რომ ყოფილმა მებრძოლმა თავდასხმის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.