„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე

ლიკა ბაჩო

ფეისბუკ გვერდის  „ვირტუალური სიმყუდროვის“ ადმინისტრატორი აბაშაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავებული გოგონას, ლიკა კუჭუხიძის შესახებ ერთ ამბავს იხსენებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა, შეგიძლია ვიდეო რომ დადოო? ჩემი დედამთილი უმღერის
თავის ერთადერთ შვილსო... უნდოდა, ბევრს ენახა, თუ რა საოცარი ქალია ქალბატონი ასმათი... მივწერე, კი, რა თქმა უნდა-მეთქი...

მერე, ვიდეო ბევრმა ნახა და მომწერა ლიკამ, რომ ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი იყო. 
მივწერე, რომ გაუმართლაა ასეთ კარგ ოჯახში რომ მოხვდა და მართლაც, უცხო თვალითაც ჩანდა მათი სიყვარული რაოდენ გულწრფელი იყო...

მათი სიყვარული ყველაზე უსამართლოდ დასრულდა...

ბაჩო,  ვწუხვარ შენი ამბის გამო, გული მტკივა. ჯერ რა იცხოვრე? ყველაფერს ახლა იწყებდი....

ლიკა, შენ კიდე გთხოვ, იბრძოლე, გვაჩუქე შენი თავი ყველას, ოჯახს, მეგობრებს, უცნობებს... ამ
ისტორიაში იმედის სხივად უნდა გადარჩე...   

ღმერთო, თუ კი რაიმე მითხოვია უმნიშვნელო, უკან მიმაქვს, დაივიწყე, გთხოვ... ლიკა გადაურჩინე ოჯახს... 

ავარიას ემსხვერპლა ბაჩო... ლიკა იბრძვის სიცოცხლისთვის,“ - ვკითხულობთ პოსტში.

ცნობისთვის,  24 ოქტომბერს აბაშაში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია, შვიდი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაშავებულის, ბაჩო ლასარეიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.