საქართველოს პროკურატურა საგარეჯოს რაიონში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს საგარეჯოს რაიონში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, ოთარ ღვინაშვილის დაღუპვის გამო. საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს ოჯახს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგებს.

საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.

19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სპეცოპერაციის დაწყებამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.