მიმართვა სკოლებს - პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი

პრეზიდენტის საჯარო მოწოდება, დღეს, სასწავლო დაწესებულებებმა სოციალური ქსელით მიიღეს. სალომე ზურაბიშვილი, უნივერსიტეტების შემდეგ, ახლა უკვე სკოლებს მიმართავს და საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტის მოწოდება ამორალურია პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძის თქმით, ძალადობრივი შინაარსის აქციებში, არასრულწლოვანების მონაწილეობა დაუშვებელია.

მოქმედი პრეზიდენტის მსგავსად, ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდებს ყოფილი პრეზიდენტიც და სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, პარალელს ვარდების რევოლუციასთან ავლებს. სააკაშვილს უკრაინაში მყოფი მისი მხარდამჭერი მებრძოლებიც ეთანხმებიან. ამჯერად, ვანო ნადირაძე შეტევაზე გადასვლის აუცილებლობაზეც საუბრობს.

წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე საუბრობენ აქციის მონაწილეებიც. ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, დემონსტრანტი არ გამორიცხავს იმასაც, რომ საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვეს.

ოპოზიციის ნაწილი ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან შესაძლო მსხვერპლთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ეს ცალკეული დემონსტრანტის განცხადებაა, რაც მათი გეგმის ნაწილი არ არის.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც მიუღებელი და დაუშვებელია. იქვე სახელისუფლებო პარტია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ რადიკალური ნაბიჯებისგან და დაიცვან კანონი

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე დღესაც გრძელდება. სხვადასხვა კანონდარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველებმა 200-ზე მეტი პირი დააკავეს.