„მიხარია რომ ასეთი სამსახური არსებობს და მზად არიან ჩვენი უფლებების დასაცავად“ - მოქალაქე შრომის ინსპექციას მადლობას უხდის

mariami

დამსაქმებელთა მხრიდან შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში არაერთხელ შეხვდებით იმ ადამიანების მიერ გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც სამსახურიდან არაკანონიერად დაითხოვეს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ გოგიტიძე წერს და შრომის ინსპექციას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

აი რა მოხდა მარიამის შემთხვევაში. „პრაიმტაიმი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ხშირად ვიგებ ხოლმე ამბებს დამსაქმებელთა მხრიდან უდიერ და უპასუხისმგებლო საქციელზე, დასაქმებულების რესურსს რომ „გამოიყენებენ" და შემდეგ, ისედაც მიზერული ანაზღაურების გადახდაზეც უარს ამბობენ. ბოლო პერიოდამდე მეც იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნებოდი, ვინც ფიქრობდა, რომ დახმარებას არსაიდან არ უნდა ელოდე. მაგრამ, ამ ცოტა ხნის წინ მეც გადამხდა მსგავსი ისტორია.

ვმუშაობდი მობაილ კრედიტში, რომლის ხელმძღვანელმაც ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა მემუშავა და თანამშრომლის მეშვეობით შემატყობინა ამის შესახებ. მოვითხოვე ნამუშევარი პერიოდის ანაზღაურება, რაზეც, ასევე შუამავლის მეშვეობით, უარი განმიცხადა. რა თქმა უნდა, გადავწყვიტე, რომ ამას ასე არ დავტოვებდი. დახმარებისთვის მივმართე შრომის ინსპექციას, თუმცა, ვაღიარებ, დიდი იმედი მათგან დახმარების მიღების, ნამდვილად არ მქონდა. შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივი ზომები მიიღეს და ერთი თვეც არ დასჭირდათ, შედეგის მისაღებად. საბოლოოდ, მათი დახმარებით, ყოველგვარი სასამართლო სარჩელების და გაწელილი პროცესების გარეშე მივიღე ის რაც მეკუთვნოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო @შრომის ინსპექცია / labour inspection office -ს მხარდაჭერისა და ოპერატიულობისთვის. მიხარია რომ ასეთი სამსახური არსებობს და მზად არიან ჩვენი უფლებების დასაცავად, “- წერს მარიამ გოგიტიძე.

სხვა სიახლეები