მეცნიერებმა დიაბეტთან ბრძოლის ახალ ხერხს მიაგნეს
1756407094
სიტყვები ღვთისმშობლის ლოცვისა – „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“ – ყოფილიყოს მუდამ ჩვენს ბაგეებზე, ჩვენს გონებასა და ჩვენს გულებში“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიომ საზოგადოებას მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას. იგი გადავიდა მარადიულ ცხოვრებაში, თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა, რომ მიეღო მისი წმინდა სული და ზეცაში აეყვანა. ანგელოზები განცვიფრებულნი იყვნენ და ზეიმობდნენ, ხოლო ადამიანები გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ ღვთისმშობელმა დაგვტოვა. მაგრამ დედა ღვთისმშობელს არ დავუტოვებივართ, როგორც ეს ნათქვამია დღესასწაულის ტროპარში: „შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე“. ამიერიდან იგი გახდა მარადიული მეოხი ჩვენი, მთელი კაცობრიობისა და ყოველი ჩვენგანის დედა. ეს აისახა იმ ლოცვებსა და საგალობლებში, რომლებიც მას ეძღვნება, სადაც ნათქვამია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი, გვიცავს ყოველგვარი უბედურებისგან, შეურაცხყოფისგან, მწუხარებისგან და მეტიც, შეგახსენებთ, როგორ მთავრდება დღევანდელი დღესასწაულის ტროპარი: „და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკვდილისაგან სულთა ჩვენთა“. ე. ი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სიკვდილისგან გვიხსნის ჩვენ.
წმინდანებს როცა მივმართავთ, ვამბობთ: „ევედრე ღმერთსა ჩვენთვის“, ხოლო როცა მივმართავთ ღვთისმშობელს, ვამბობთ: „გვაცხოვნენ ჩვენ“, „გვიხსნენ ჩვენ“, „მიხსნენ ჩვენ“. რომელი სიკვდილისგან გვიხსნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი?
სიკვდილი არსებობს სხვადასხვანაირი: არსებობს ხორციელი სიკვდილი, რომელიც ყველას მოგველის და არსებობს კიდევ სულიერი სიკვდილი, მარადიული სიკვდილი, როცა ადამიანი კვდება და მიდის სიბნელეში, ეს არის დასასრული. მაგრამ როდესაც ვიხსენიებთ ჩვენს მიცვალებულებს, ახლობლებს თუ, ზოგადად, მიცვალებულებს და ვლოცულობთ მათთვის, ღმერთს ასე ვევედრებით: „განუსვენე მათ და დაამკვიდრე ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა არა არს მწუხარება, სულთქმა“ და ა. შ. რას ნიშნავს „ადგილსა ნათლისასა?“ ე.ი. იქ, სადაც არის ქრისტეს სინათლის სხივები, ქრისტეს სინათლის და დიდების სხივებში დაამკვიდრე, უფალო, მიცვალებულები.
სწორედ ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ხსნა და ცხონება, მარადიული ცხოვრება. გახსოვთ ალბათ, წმინდა წერილში, საეკლესიო ლოცვებში უფალი იესო ქრისტე იწოდება „ცხოვრების წინამძღვრად“ და თავად „ცხოვრებადაც“. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (ინ. 14, 6), – ამბობს უფალი. „თქვენ მოკალით წინამძღვარი ცხოვრებისა, რომელიც ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა“ (საქმ. 3, 15), – უთხრა წმინდა პეტრე მოციქულმა იერუსალიმის ტაძართან შეკრებილ ხალხს. სწორედ ამიტომ ღვთისმშობელიც იწოდება „დედად ცხოვრებისა“, როგორც ასევე ნათქვამია დღევანდელ ტროპარში: „მიხვედ ცხოვრებად, დედა ეგე ცხოვრებისა“. იესო ქრისტე იწოდება „ცხოვრებად“, რამეთუ იგი გვაძლევს ცხოვრებას.
ამგვარად, სიცოცხლე მხოლოდ იესო ქრისტეშია, მხოლოდ იესო ქრისტესთან ერთად არის და ეს სიცოცხლე ქრისტეში გრძელდება არა მხოლოდ ამ მიწიერ ცხოვრებაში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც, როცა ვიცავთ მის მცნებებს, როცა გვიყვარს უფალი, როცა გვინდა მასთან ყოფნა, ისიც ჩვენთან არის და ჩვენშია. ამით ვხდებით მისი მარადიული, საღვთო დიდების თანაზიარნი, ძმებო და დებო. აი, სწორედ ამაზე ლოცულობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთვის, სწორედ ამგვარად გვიხსნის იგი სიკვდილისგან, გვანიჭებს სიცოცხლეს და დაგვამკვიდრებს თავისი მეოხებით, როგორც ტროპარშია ნათქვამი, „მარადიული საღვთო დიდების სხივებში“.
აი, რაზე მეტყველებს დღევანდელი დღესასწაული. აი, რას ვთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. აი, რას სთხოვს იგი ჩვენთვის ქრისტეს და როგორ გვაცხონებს იგი თავისი მეოხებით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვითა და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო.
მინდა, დღეს, თქვენთან ერთად, დიდი სიყვარულით მივულოცო ეს დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს. მან მთელი თავისი სიცოცხლე, ღვაწლი მიუძღვნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განდიდებას, მისი სიწმინდის მსახურებას და მისი დიდების, მისი სახელის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ეკლესიაში გაძლიერებას. ღმერთმა დალოცოს იგი, გააძლიეროს ღვთისმშობელმა, მიმადლოს მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ და ეს სიტყვები ღვთისმშობლის ლოცვისა – „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“ – ყოფილიყოს მუდამ ჩვენს ბაგეებზე, ჩვენს გონებასა და ჩვენს გულებში. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ! ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.