1732386875
„მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე ყბა ჩამომივარდა, ვერ მივხვდი, სად ვიყავი...“ - რას წერს ბელარუსი ბლოგერი თბილისზე
ბელარუსი ბლოგერი თბილისში საცხოვრებლად ბოლო მოვლენების შემდეგ ჩამოვიდა. საქართველოში ცხოვრებას არაერთ ბლოგს უძღვნის. დეტალურად აქვს აღწერილი თბილისში ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები, პირველადი ეფექტი და რჩევები თანამემამულეებისთვის.
"ჩემი პირველი შთაბეჭდილება შეიძლება ასე აღვწერო: წარმოიდგინე, რომ შენი ბინა სუფთაა და ნივთების უმეტესობა თავის ადგილზეა. დიახ, აქ შედარებით მოსაწყენია - ერთფეროვნება, სიმკაცრე, სიმდაბლე, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი ორგანიზებული, სუფთა და მინიმალისტური. ასე რომ, მინსკი ჩემი აზრით სწორედ ბინაა. ახლა კი წარმოიდგინე, რომ შენს ბინაში კედლები გრაფიტითაა მოხატული, ყველაფერი სხვადასხვა კუთხეშია მიმოფანტული, კედლები ინგრევა, უწესრიგობაა. დიახ, ალბათ, ერთი სიტყვით რომ მომიწიოს თბილისის დახასიათება, როგორც პირველი შთაბეჭდილება, ეს სიტყვა აუცილებლად „არეულობა“ იქნებოდა."
მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე ყბა ჩამომივარდა და ვერ მივხვდი სად ვიყავი. ერთი პერიოდი ვიფიქრე, რომ არასწორ ადგილას ჩამოვედი, რადგან სულ სხვანაირი მოლოდინი მქონდა.
რატომ მოდის აქ ამდენი ხალხი? ეს არის ის, რისთვისაც აქ ათასობით ადამიანი მოფრინავს?
აღსანიშნავია, რომ ყბა ჩამომივარდა არა მხოლოდ არეულობის გამო, არამედ ქალაქის ირგვლივ მთების ულამაზესი ხედით. ბელორუსიაში მსგავსი არაფერია, ამიტომ თავს ვიმშვიდებდი იმაზე ფიქრით, რომ ამ უკიდურესობაშიც კი სასიამოვნო იქნებოდა ასეთი ლამაზი ხედით ტკბობა.
გადავწყვიტე სადგურიდან ჩემს ბინაში ფეხით წავსულიყავი, თუმცა ტაქსის გამოძახებაც შემეძლო (საქართველოში ძალიან იაფია).
გზა რთული იყო, რადგან ვერც ერთხელ ვერ ვიპოვე ნორმალური ტროტუარი და საცალფეხო გადასასვლელი. მომიწია გზის გადაკვეთა. იჭერ მომენტს, როცა გზაზე ნაკლები მანქანაა. ვიღაცა შეანელებს და შენ მეორე მხარეს მივარდები. ადგილობრივები, სხვათა შორის, გზის გადაკვეთას არც ჩქარობენ - მშვიდად დადიან, თითქოს საცალფეხო გადასასვლელზე არიან და შუქნიშანზე მწვანე ფერია ანთებული. ამ შემთხვევაში მინსკში 400 მეტრი მაინც რომ გაგევლო, მძღოლების შეურაცხყოფას და ყვირილს და რამდენიმე ჯარიმას დავიმსახურებდი.
უყურებ ქუჩაში გასაყიდად გამოტანილ უზომოდ ლამაზ ხილს, მერე დანგრეულ შენობას, მაწანწალა ძაღლების ბრბოს და მათ ექსკრემენტებს, ტკბები ადგილობრივი ეზოების სილამაზით, მერე კი გზის მეორე მხარეს გადარბიხარ, ტოიოტა პრიუსმა რომ არ დაგარტყას.
სიმართლე გითხრათ, ჩემი პირველი შთაბეჭდილება ცუდი იყო, მართლა შოკირებული ვიყავი. არ ვარ აღმოსავლური კულტურის მოყვარული (მგონია, რომ საქართველოს კულტურა აღმოსავლეთთან უფრო ახლოსაა, ევროპული სოუსით შეზავებული). არ მიყვარს არეულობა, სიბინძურე, ძველი დანგრეული შენობები, გზებზე უსაფრთხოების ნაკლებობა. საერთოდ, აქ თავს დაცულად არ ვგრძნობდი, თითქოს სარეცხ მანქანაში ჩავვარდი, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს, ცვივა და ახლა მეც ყველასთან ერთად მიწევს ტრიალი.
სამი სიტყვით რომ აღვწერო, პირველი შთაბეჭდილება, რაც თბილისმა დამიტოვა, ასეთია: არეულობა, სიკაშკაშე, ლამაზი ბუნება.
პირველი ორი დღე ფსიქიკურად ცოტა განვიცდიდი, მაგრამ რაც ქალაქის შესწავლა დავიწყე, აზრი უკეთესობისკენ შემეცვალა.