„მამაჩემი გვასწავლიდა... როცა კაცი დახმარებას გთხოვთ, ფული არ ასესხოთ, აჩუქეთ, მაგრამ იმაზე მეტი აჩუქეთ, ვიდრე გთხოვათო“ - ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილი

„მამაჩემი გვასწავლიდა... როცა კაცი დახმარებას გთხოვთ, ფული არ ასესხოთ, აჩუქეთ, მაგრამ იმაზე მეტი აჩუქეთ, ვიდრე გთხოვათო“ - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„აი, ახლა, როცა ნახევარ საუკუნეზე მეტია ვცხოვრობ დედამიწაზე, ბევრი რამ მახსენდება, რასაც მამაჩემი გვასწავლიდა. მაგალითად, სულ გვეუბნებოდა: როცა კაცი დახმარებას გთხოვთ, ფული არ ასესხოთ, აჩუქეთ, მაგრამ იმაზე მეტი აჩუქეთ, ვიდრე გთხოვათო. ეს რატომ? - გვაინტერესებდა მე და კოტეს. იმიტომ, რომ რაც გთხოვათ, ის გასაცემი და დასახარჯი აქვს და კიდევ უნდა დარჩეს ცოტაოდენი თანხა, რომ შვება იგრძნოსო. ამასთან, რამდენჯერმე გაუმეორეთ ამ ადამიანს, რომ სხვა დროსაც თავისუფლად მოგმართოთ დახმარებისთვისო. ეს რატომ?- ისევ ვეკითხებოდით მე და კოტე. იმიტომ, რომ ვინაიდან ჩუქნით ფულს, არ იფიქროს, თავიდან იშორებთ და სხვა დროსაც არ მოერიდოს დახმარება გთხოვოთო და ბოლოს: ისე დაეხმარეთ ადამიანს, რომ მის ღირსებას ჩრდილი არ მიადგეს. თბილად, გულისხმიერებით მოუსმინეთ და უთანაგრძნეთ. როცა კაცი დახმარებისთვის მოგმართავთ, ოფლში იწურება, მას არ სჭირდება იმის ახსნა, რომ თქვენც გიჭირთ, თქვენც პრობლემები გაქვთ. რომც გიჭირდეთ, არ აგრძნობინოთ. მოუსმინეთ და დაეხმარეთო.

თუ არ გვექნება დახმარების საშუალება, მაშინ რა ვქნათ? - კვლავ ახალი კითხვა გვებადებოდა მე და კოტეს. ამ კითხვაზეც გვიპასუხა. უბრალოდ, თავისი ცხოვრების წესით გვიპასუხა. დახმარება მარტო მატერიალური არაა. კეთილი რჩევაცაა. თუ კაცს კეთილ რჩევას გაუზიარებ ან კეთილ სიტყვას შეაწევ, იმოქმედებ მისი პრობლემის გადასაჭრელად, ესეც ბევრს ნიშნავს. ზოგჯერ უფრო მეტს, ვიდრე შენ ან მას წარმოუდგენია.

ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ სწორად ვიაროთ ამ უსწორმასწორო დედამიწაზე.

P.S. მე შემხვედრია ხალხი, რომელიც ზუსტად ასე დამხმარებია და მათი მადლიერი ვარ“, - წერს ირმა ინაშვილი.