„მამა არის პირველი კაცი, რომელიც გოგოს სულში საკუთარი თავის რწმენის თესლს თესავს“ - ფსიქოლოგი

მამა-შვილი

კვლევები მიუთითებს, რომ მამასთან ჯანსაღი და მჭიდრო ურთიერთობა პირდაპირ კავშირშია გოგონას წარმატებასთან როგორც კარიერაში, ისე ლოგიკური აზროვნების განვითარებაში. ხშირად სწორედ მამაა ის ფიგურა, რომელიც შვილს ახალ გამოწვევებს სთავაზობს და მის დამოუკიდებლობას უწყობს ხელს.

ამ თემაზე სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე საუბრობს. მისი განმარტებით, მამის როლი გოგონას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და მრავალშრიანია. თუ დედა სიმბოლურად უკავშირდება ბავშვის შიდა სამყაროს, ემოციურ უსაფრთხოებასა და ბაზისურ სტაბილურობას, მამა ხშირად ხდება პირველი „მამაკაცი“, რომელიც ეხმარება ბავშვს დედასთან სიმბიოზური კავშირის ეტაპობრივად გადალახვასა და სოციუმში ინტეგრაციაში.

ფსიქოლოგის თქმით, ჯანსაღი მამობა არ ნიშნავს იდეალურობას. მთავარი არის ემოციური ხელმისაწვდომობა და ადეკვატური საზღვრების დაწესება. მამის დამოკიდებულება ხშირად იქცევა იმ პირველ „სარკედ“, რომელშიც გოგონა საკუთარ ქალურობასა და თვითაღქმას ხედავს.

როდესაც მამა გულწრფელად აღფრთოვანებულია შვილის მიღწევებით, აღიარებს მის სილამაზესა და ინტელექტს (ყოველგვარი სექსუალიზაციის გარეშე), გოგონას უყალიბდება მნიშვნელოვანი შინაგანი განცდა — „მე ვარ ღირებული და საკმარისი“.

გარდა ამისა, მამა ასწავლის შვილს პირად საზღვრებს — სად მთავრდება თავად და სად იწყება სხვა. ეს ცოდნა ქმნის ერთგვარ „დამცავ ფარს“, რომელიც გოგონას აძლევს გამბედაობას, იყოს ცნობისმოყვარე, დამოუკიდებელი და მზად ახალი გამოწვევებისთვის.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სწორედ ასეთი მხარდაჭერა და ჯანსაღი ურთიერთობა მამასთან მნიშვნელოვან როლს ასრულებს გოგონას პიროვნულ განვითარებაში და მის მომავალ წარმატებაში.