პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
31 წლის ნიჭიერი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა სამშობლოსგან შორს, საზღვარგარეთ, სადაც თავის მუსიკალურ კარიერას ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის ფასად აშენებდა. მას ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კარგად იცნობდნენ, საკუთარ ბენდთან ერთად საკონცერტო ტურნეებს მართავდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.
გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ „სარკედან“, სადაც ლევანს ახლობლები იხსენებენ:
დათო ლონდარიძე, მუსიკოსი: მე და ლევანმა 2011 წელს გავიცანით ერთმანეთი “ჯეოსტარში”. ერთი წელი დიდი ურთიერთობა არ გვქონია, ერთი წლის შემდეგ საერთო მეგობრებთან მოვხვდით სუფრასთან. იქ ერთ ჯგუფს უთქვამს ჩემზე, მაგარი მუსიკოსი უნდა მოვიყვანოთო. მეორე ჯგუფს კი, ნეტავ, ვინ არის, ჩვენ უფრო მაგარს ვიცნობთ და იმას მოვიყვანთო. მათ ლევანი მოიყვანეს. ასე შევხვდით ერთმანეთს, ჩავეხუტეთ, ვიმღერეთ. მერე დავტოვეთ სუფრა, წავედით და მთელი ღამე საუბარში გავათენეთ.
ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა აღარ გაწყვეტილა. ზუსტად მაგ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, მეუბნებოდა, დათო, სიმღერა მენატრებაო. ბოლოს წამოვიდა, ჯგუფი გავაკეთეთ და ახალ-ახალ სიმღერებს ვქმნიდით.
ამას დაემთხვა ერთი გოგონას გაცნობა, რომელიც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა. მათ შორის რომანი გაჩაღდა და ერთობლივად გადაწყვიტეს, უცხოურ „ვოისში“ მიეღო მონაწილეობა. დიდი წარმატებით ჩაიარა მისმა გამოსვლამ. იმ ქვეყანაში 6 წელი დაჰყო, ამასობაში იმ გოგონას გაშორდა.
მერიკო კარტოზია, ტელეპროექტის „სიკეთე მარტივია“ წამყვანი და ავტორი: ბოლო ინტერვიუ ჩემს გადაცემაში შედგა. ლევანი ხელჯოხით მოვიდა, ფეხი ძალიან აწუხებდა. კოვიდი რამდენჯერმე გადაიტანა, მენჯის ძვლის პრობლემები ჰქონდა, ეშლებოდა, საოპერაციო იყო, რაც დატვირთული გრაფიკის გამო რამდენჯერმე გადადო. სტუდიაში ხელჯოხი არ შემოიტანა, ჩემს მაყურებელს ჯოხით ნამდვილად არ დავენახვებიო.
ასეთ ადამიანს ბევრს არ ვიცნობდი, ძალიან თავმდაბალი, მორიდებული იყო, მიუხედავად პოპულარობისა და სიმაღლეზე ყოფნისა. ვარსკვლავები, ბრეგოვიჩი, კუშტურიცა, დიდი მომღერლები იცნობდნენ, პატივს სცემდნენ.
ინტერვიუში ამბობდა, ზოგჯერ ისე ვიღლები, მინდა, დავტოვო ყველაფერი და ჩამოვიდე, ისევ სიმღერის სიყვარული და უფლის რწმენა მაძლიერებს. როგორც კი სამშობლოში ჩამოვდივარ, მონასტერში მივდივარ, იქ უფალს ვესაუბრები, ახალი ენერგიით ვივსები, ისევ ვბრუნდები და კვლავ ჩემს საქმეს ვაკეთებო.
ნამდვილად არ არის ადვილი, უცხო მიწაზე ნულიდან დაიწყო და იმდენს მიაღწიო, უზარმაზარი არმია გაიჩინო შენი ხელოვნების მოყვარულებისა. არა მარტო იქაური ქართველები, არამედ სომხები, აზერბაიჯანელები, შუააზიელები, კავკასიელები, რუსები უსმენდნენ მის სიმღერებს. ბევრი აამღერა ქართულად. ამის მიღმა გათენებული ღამეები იყო, ძიება, ფიქრი, შრომა, გულისტკენა, ხელისშეშლაც. ამბობდა, როცა ისეთ წინააღმდეგობას წავაწყდები, მგონია, საშველი აღარ არის, უცებ განათდება, შემხვდება ადამიანი, ვინც ხელს გამომიწოდებს, საცალფეხო ხიდს გადამატარებს და სამშვიდობოზე გამიყვანსო.
ცნობილ მომღერალ ლუბა უსპენსკაიასთან მეგობრობდა. ლუბას დაბადების დღეზე მოხვედრილა, იქ უმღერა იუბილარს, რომელიც ისე მოიხიბლა მისი ხმით, შესრულებით, გალანატურობით, ვაჟკაცურობით, მაშინვე დაუმეგობრდა. მასთან ერთად დუეტი ჩაწერა, პატარა ძმას ეძახდა და მის გარდაცვალებას სულის შემძვრელი პოსტიც მიუძღვნა.
ინტერვიუს ჩაწერის შემდეგაც რამდენჯერმე ვნახე. პირად საუბრებში ძალიან სევდიანი იყო. მეგონა, ფეხის ტკივილის გამო იყო ასე. ეტყობა, რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა. ამბობდა, სულ საქართველო მენატრება, ქართული ურთიერთობები, ჩემი ოჯახი, მიუხედავად უამრავი ნაცნობისა, კოლეგისა, იქ თავს მარტო ვგრძნობ, ზოგჯერ ისე გადის დღე, ტელეფონიც არ დარეკავს. ყველაზე ბედნიერი ვარ, დედაჩემის ნომერს რომ ვხედავ, დედის ხმა ყველა წუხილს ფანტავს, დედის ხმის გაგონებისთვის ღირს ცხოვრებაო.
თავის თავს კონკიას ადარებდა, ჩემს ცხოვრებაში კონკიას ისტორია განმეორდაო. უპატრონოდ ჩავედი უცნობი ბიჭი უცხო ქვეყანაში და ზღაპარი ამიხდაო. მართლაც ასე იყო. იყო ერთი ლამაზი, ერთგული, ნიჭიერი, მშრომელი, თბილი, კეთილი ბიჭი, გაიზარდა, შეუსრულდა ოცნებები, გახდა უფლისწული, აღიარა, შეიყვარა ყველამ და უცებ – იყო და არა იყო რა…