1761594490
ლუვრის მძარცველები დააკავეს - ძვირფასეულობის ქურდები ფრანგული პოლიციისთვის კარგად ნაცნობი კრიმინალები აღმოჩნდნენ
პარიზში, შარლ დე გოლის აეროპორტში, სასაზღვრო პოლიციამ 30-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მაშინ შეაჩერა, როდესაც ის ბორტზე ასვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილს ხელბორკილები დაადეს. დაკავებამდე აეროპორტში საგამოძიებო უწყებიდან შეტყობინება შევიდა, რომ საქმის სავარაუდო ფიგურანტი პარიზის დატოვებას და ალჟირში გაფრენას ცდილობდა.
შარლ დე გოლის აეროპორტში მიმდინარე სპეცოპერაციის პარალელურად, სპეცრაზმი პარიზის გარეუბანში - ობერვილიეში, ერთ-ერთ სახლში შევიდა, სადაც სამართალდამცველებმა ლუვრის ძარცვის საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელში იმალებოდა.
სამართალდამცველებმა 35-დან 40 წლამდე ასაკის ორივე ეჭვმიტანილი ორგანიზებული ძარცვისა და კრიმინალური შეთქმულების ბრალდებით აიყვანეს. ისინი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რეგიონის, ილ-დე-ფრანსის, სენა-სენ-დენის დეპარტამენტის მაცხოვრებლები არიან. აღმოჩნდა, რომ მათ პოლიცია უკვე კარგად იცნობს, ორივე ეჭვმიტანილი წარსულში ქურდობის ბრალდებითაა ნასამართლევი. ახლა მათ ბანდიტიზმთან ბრძოლის სამმართველოში კითხავენ.
პროკურატურის ინფორმაციით, მძარცველების დაკავება, დანაშაულის ადგილზე დატოვებული მტკიცებულებების საშუალებით გახდა შესაძლებელი. ძარცვის მომენტში, ქურდებმა პირადი ნივთები, ჩაფხუტი, ხელთათმანი, ყვითელი ჟილეტი და ბურღი დაკარგეს. სიაშია, ბრილიანტით მორთული გვირგვინიც. ექსპერტებმა ნივთებიდან და მუზეუმის ჩამსხვრეული მინიდან 150 ნიმუში აიღეს, მათ შორის არის დე ენ ემის ფრაგმენტები და თითის ანაბეჭდები. კიდევ ერთი ალიბი ის სატვირთო მანქანაა, რომელზე დამონტაჟებული ამწეთიც ჯგუფი მუზეუმის შიდა სივრცეში შეიჭრა.
უკვე ცნობილია, ისიც, რომ მძარცველებს დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო მონაცემები მუზეუმის დაცვის თანამშრომელმა მიაწოდა. ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ გაავრცელა. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ჯგუფმა მუზეუმის უსაფრთხოების სისტემის შესახებ შიდა კონფიდენციალური ინფორმაცია წინასწარ მიიღო. მედია, წერს, რომ პოლიციას ამის დამადასტურებელი ელექტრონული მტკიცებულებები, მათ შორის ეჭვმიტანილებს შორის წარმოებული პირადი მიმოწერა აქვს.
ლუვრის ძარცვიდან უკვე ერთი კვირაა გასული, უცნობია რა ბედი ეწია, მუზეუმიდან გატაცებულ 8 ექსპონატს, რომელთა შორისაა, მონარქების და ნაპოლეონის კოლექციის 8 რელიკვია. მათ შორის 212 მარგალიტით, 1998 ბრილიანტით და 992 ვარდისფერი ბრილიანტით მორთული დიადემა, 2634 ბრილიანტით შემკული დეკორატიული ბაფთა, 24 ცეილონის საფირონით და 1083 ბრილიანტით მორთული დიადემა და ნაპოლეონის ზურმუხტისფერი საქორწინო საჩუქრების ნაკრების ნაწილები, ყელსაბამი 32 ზურმუხტით და რომბის ფორმის 1138 ბრილიანტით. საქმეზე ასზე მეტი გამომძიებელი ამ დრომდე მუშაობს, უკვე ჩატარებულია 150-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება.









