„ლექციებს წავიკითხავთ მე, ბესიკ ხარანაული, დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე...“ - არ გინდათ საყვარელი მწერლების ახლოს გაცნობა?

მწერლები

ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge დიდი საგანმანათლებლო პროექტით ბრუნდება. lib.ge აკადემია - ეს არის ახალი პროექტი, რომელიც მოიცავს: საჯარო ლექციებს, სპეციალურ კურსებს, სემინარებს, დისკუსიებს, შემეცნებით ექსკურსიებს...

გიორგი კეკელიძე 2006-12 წლებში lib.ge-ის მთავარი რედაქტორი იყო. მუშაობა მეგობრის კომპიუტერით დაიწყო, მერე ინტერნეტ-კაფეში, ბოლოს კი, 2008 წელს შეძენილ კომპიუტერთან ღამეებს ათენებდა. ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ათიათასობით თანამედროვე და კლასიკოსი ავტორი განთავსდა. ასე შეიქმნა პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა.

"2010 წელს კახა ბენდუქიძემ გადაწყვიტა ის შეეძინა, მაგრამ ახალგაზრდული ჟინით სავსეებმა, უარი ვუთხარით. თუმცა სწორედ lib.ge-ში გაწეული სამუშაოს გამო, ბენდუქიძემ პარლამენტს ჩემი კანდიდატურა შესთავაზა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე.

და აი, ათწლიანი შესვენების შემდეგ, lib.ge ბრუნდება. ოღონდ არა ელექტრონული ბიბლიოთეკის ფორმით, რადგან ამ საქმეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძალიან დიდი მასშტაბით ისედაც ვაკეთებთ, არამედ როგორც საგანმანათლებლო აკადემია " - წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე.

 "პრაიმტაიმთან" კი ამბობს, რომ ამ აკადემიაში ლექციებს მასთან ერთად, საზოგადოებისთვის საყვარელი და მნიშვნელოვანი პიროვნებები (ბუნებრივია, ძირითადად, მწერლები) წაიკითხავენ.

გიორგი კეკელიძე: გვეყოლებიან მოწვეული ლექტორები. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მწერლებთან - ბესიკ ხარანაული, ანა კორძაია-სამადაშვილი, დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე და ასე შემდეგ.

ლექციების თემები წინასწარ დაანონსდება, იქნება თემატური ლექციები. ვთქვათ "ვეფხისტყაოსანი", ღალატი, სიკეთე, ერთგულება დ ასე შემდეგ. იქნება კონკრეტული მიმართულებები - მაგალითად, მაგიური რეალიზმი, რომელსაც ზაალ ჩხეიძე წაიკითხავს. შესაძლოა, კონკრეტული ავტორების მოყვარულმა მწერლებმა წაიკითხონ ლექციები.

მსურველები აბონემენტებით მოხვდებიან ლექციებზე. ზუსტი ლოკაცია მალე დადგინდება.

სერიოზული გეგმები გვაქვს, ვნახოთ რა გამოვა.