კვერეთის აღკვეთილში სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა

კვერეთი

კვერეთის აღკვეთილში სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

განხორციელებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად დაზუსტდა დაცული ტერიტორიის საზღვრები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, საკუთრებაში დაირეგისტრიროს და სურვილისამებრ განკარგოს ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ეროვნული პარკის შექმნის შედეგად მისი საზღვრების ფარგლებში მოექცა.

სადემარკაციო პროცესი დაახლოებით 15 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებიდან გაიმიჯნა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მოქმედი საკულტო ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზების ანძები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც დაცული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არ არის.

სადემარკაციო სამუშაოები ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ ხორციელდება.

კვერეთის აღკვეთილი, რომელიც ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 2023 წელს დაარსდა.