„კუთხეში ვეგდე გამწარებული, დირექტორი თანამშრომლებს ამშვიდებდა, მანქანა გამართული იყო, ექიმი გვახლდაო“ - სოფი ნიკოლეიშვილის დედა

სოფი ნიკოლეიშვილი

2019 წლის გაზაფხულზე მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. სოფი ნიკოლეიშვილი კლასელებთან ერთად ექსკურსიაზე, ლაგოდეხის ნაკრძალში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. 

სოფის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი იხსენებს იმ დღეს, როდესაც შვილის დაკარგვის შესახებ აცნობეს.

„საღამოსკენ ძალიან ბევრჯერ დავრეკე, გავბრაზდი, რას აკეთებს ასეთს, რომ არ იღებს-თქო. შემდეგ დავრეკე დამრიგებელთან, არც იმან მიპასუხა. შემდეგ სალომესთან დავრეკე, ვეუბნები, დაურეკე დამრიგებელს, ან ვინმეს, ბავშვი არ მპასუხობს-თქო. სალომეს პასუხი შეაგვიანდა, თურმე მისთვის ინფორმაცია ჩაუგდია, რომ ჩანჩქერში დაკარგულ გოგონას ეძებდნენ. 

ბოლოს, როგორც იქნა, დამრიგებლის ნომერზე კლასელმა მიპასუხა, დამრიგებელი ცუდად გახდა და საავადმყოფოში ვართო. 4 ბავშვი დაგვეკარგა და დამრიგებელი ცუდად გახდაო. სოფი ხომ არ არის მეთქი, ერთ-ერთი, კიო. ჩემს მეგობრებს დავურეკე, ატირებული, ღრიალით გავვარდი.

რომ მივედი, ბოლომდე არაფერი მითხრეს. პირდაპირ, პოლიციის შენობაში მიმიყვანეს, სადაც ამბავი გავიგე. იქ იყვნენ სკოლის წარმომადგენლები, რომლებსაც ექსკურსიაზე ყოფნა არ ევალებოდათ. 

მერე და მერე გონებაში რომ აღვადგინე, კუთხეში, იატაკზე ვეგდე ქალი, გამწარებული და სკოლის დირექტორი თანამშრომლებს აწყნარებდა: ჩვენ ახლა დავმშვიდდეთ, ჩვენი მანქანა გამართული იყო, ექიმი გვახლდა, ყველაფერი გაწერილი იყო, დოკუმენტი გვიდევს. ბავშვი ნაპოვნი არ იყო, მეორე დღეს ამოიყვანეს. იმ ღამეს, 11-12 საათზე თავის გადარჩენას ცდილობდა“, - გაიხსენა ლანა ნიკოლეიშვილმა „ბაიასთან“.

 

ნახეთ ვიდეო