„დაიბადა ჯანმრთელი გოგონა...“ - სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მშობიარობა გზაში მიიღო

სასწაფო

სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერია როგორ გადაარჩინეს ჯვარის რაიონული სამსახურის ექიმებმა მშობიარე ქალის სიცოცხლე და იგი ფიზიოლოგიურად ამშობიარეს:

„ჯვარის რაიონული სამსახურის ექიმი თეა ჩაკაბერია 2006 წლიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმია.

მის პრაქტიკაში არაერთი პაციენტი, არაერთი რთული და მნიშვნელოვანი გამოძახება ყოფილა, თუმცა ეს ერთი შეხედვით მორიგი გამოძახება მისთვის სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა.

გამოძახება შემოვიდა ლოზუნგით - „მშობიარობა“.

ადგილზე მისულ მე-7 ბრიგადას ახალგაზრდა ქალი მოვლითი სამშობიარო ტკივილებით დახვდა. პაციენტის მდგომარეობა უმოკლეს დროში შეფასდა და ბრიგადის წევრებმა მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ჰოსპიტალიზაციის პროცესში ქალბატონს მოვლით ტკივილებს შორის ინტერვალი თანდათან შეუმცირდა. ბრიგადის წევრები მაშინვე მშობიარობის მისაღებად მოემზადნენ.

ძალიან მალე, ფიზიოლოგიურად, დაიბადა ჯანმრთელი გოგონა, რომელმაც სიცოცხლის პირველივე წამებში თავისი ხმით ამცნო სამყაროს, რომ ყველაფერი კარგად იყო.

ეს ახალგაზრდა დედისთვის მეხუთე მშობიარობა იყო.

თეა ექიმი განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს თავის გუნდზე ექთან ხათუნა გეთიასა და მძღოლ პაპუნა სამუშიაზე, რომელთა პროფესიონალიზმმა და სიმშვიდემ ამ მნიშვნელოვანი წუთების მშვიდობიანად წარმართვაში დიდი როლი ითამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს ჰოსპიტალიზაციის პროცესში მშობიარობის მიღების გამოცდილება მანამდე არ ჰქონია, არც ერთი წამით არ დაბნეულან. მოქმედებდნენ შეთანხმებულად, მშვიდად და თავდაჯერებულად. სანამ პატარა გოგონა ქვეყანას მოევლინებოდა, ბრიგადის წევრები მშობიარე დედას მხოლოდ ერთ წინადადებას უმეორებდნენ: „იმშობიარე და პატარა ჩაგვახუტე.“

ეს იყო კიდევ ერთი გამოძახება, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადისთვის დაუვიწყარ ისტორიად იქცა ისტორია, რომლის მთავარი გმირებიც პროფესიონალიზმი, სიმშვიდე და ახალი სიცოცხლის დაბადებაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.