გიორგი გახარიას საქმეზე, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნას უკავშირდება, სასამართლოში მამუკა ბახტაძე იკითხება

მამუკა

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აძლევს ჩვენებას.

არსებული ინფორმაციით, ბახტაძე საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც, ის სასამართლოს დისტანციურად ერთვება. მას ჩვენებაც გამოძიების ეტაპზე მსგავს რეჟიმში აქვს მიცემული.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

პროკურორ თამარ იაკობიძის შუამდგომლობის მიხედვით, სხდომაზე, ყოფილი თანამდებობის პირები უნდა დაიკითხონ, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია კი შესაძლოა, სახელმწიფო საიდუმლოებას ან პროფესიულ საიდუმლოებას შეიცავდეს, რაც სხდომის დახურვის საფუძველია.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, დაკითხულ მოწმეებს ჩვენებები არასაიდუმლო რეჟიმში აქვთ მიცემული და მათ მიერ მიცემული ჩვენებების შინაარსი საჯაროდ არის ცნობილი. რის გამოც, პროცესის დახურვის საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლოში იმჟამინდელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრების დაკითხვაც იგეგმება, რომელთა შორის, არიან ვახტანგ გომელაური და ლევან იზორია.

ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.