დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბერი ანდრიას დედამ, თინათინმა, ფონდის კიდევ ერთ შვილობილს, გიორგი მურვანიძეს ოცნება აუსრულა, შეახვედრა საყვარელ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას!
როგორც იცით, ბერი ანდრიას სახელობის ფონდი უკვე მრავალი წელია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ ოჯახებზე უანგაროდ, დაუღალავად ზრუნავს. ფონდის ძალისხმევით, საზოგადოების თანადგომით, ამიერკავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრი "ბედნიერი სახლი" უკვე ორი წელია ამ ბავშვებზე მორგებულ, ევროსტანდარტებით აშენებულ და მოწყობილ შენობაში ფუნქციონირებს.
გიორგი ორი წელია ფონდის შვილობილია. ფეხბურთელობაზე მეოცნებე გიომ სანუკვარი სურვილი, ახლოს ენახა სათაყვანო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, თავის დედობილს, თინათინს გაუმხილა...
დანარჩენს "პრაიმტაიმს" თავად უყვება.
"ხვიჩა კვარაცხელიას ნახვას ვნატრობ-მეთქი, დედას რომ გავუმხილე, ვიცოდი, ჩემგან დამოუკიდებლად, სიურპრიზს მომიმზადებდა! საავადმყოფოში რომ დამალაპარაკა, აღფრთოვანებისგან გული ამიჩუყდა... ვერაფერი ვუთხარი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი... მე ხომ ექვსი წლიდან ვოცნებობ ფეხბურთელობაზე!" - ამბობს გიო.
თინათინ ჩხვიმიანი: - ვცდილობდი, ისე შემეხვედრებინა გიო ხვიჩასთვის, რომ წინასწარ არ სცოდნოდა. ხვიჩას და ჩემს რძალს საერთო მეგობარი ჰყავთ, ფეხბურთელი ზუკა დავითაშვილი, ხმა სწორედ მისგან მივაწვდინეთ ხვიჩას. ისე დაემთხვა, რომ გიოს და სხვა ბავშვების მოსანახულებლად ვიყავი იაშვილის კლინიკაში, როცა სრულიად მოულოდნელად დამირეკეს ამ უკეთილშობილესმა ბიჭებმა. გიომ აღფრთოვანებისგან სიტყვა ვერ თქვა, ცრემლებად იღვრებოდა... ბიჭები ამშვიდებდნენ, შორიდან ეფერებოდნენ. იქვე, დაუფიქრებლად აღვუთქვი, რომ აუცილებლად მივუყვანდი თამაშზე ბათუმში და ჩავახუტებდი!
მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ბათუმის სტადიონის, "აჭარაბეთ არენას"დირექციას, რომ ეს შემაძლებინეს! თამაშს დავესწარით, მატჩის შემდეგ ჩაიხუტეს ჩემი გიო და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებაც აღუთქვეს! ეს გიორგისთვის უდიდესი სტიმულია. ქიმიოთერაპიის ბოლო კურსის შემდეგ, ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია, რაც ძალიან ახარებს მის მკურნალ ექიმს, ქალბატონ ნინო ტოტოღაშვილს. უნდა აღვნიშნო, რომ იაშვილის კლინიკის მთელი მედპერსონალი თავგამოდებით იბრძვის ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, მათი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი გიოს ბათუმში წაყვანა - დადებითი ემოციები აძლიერებს ბავშვებს, ძალიან ეხმარება ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში.
"სტადიონზე დაძაბული ვიყავი" - ამბობს გიო, - " ვინერვიულე, რომ ვერ მოვიგეთ. მაგრამ აღფრთოვანებული ვარ ხვიჩას და ზუკას თამაშით, ისინი არა მარტი კარგი ფეხბურთელები, კარგი, უთბილესი ადამიანები არიან!
ფონდის ბავშვებმა გადავწყვიტეთ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის და ზუკა დავითაშვილისთვის გვეთხოვა, ჩვენი ფონდის კეთილი ნების ელჩები ყოფილიყვნენ. ვთხოვე და დამთანხმდნენ. დამპირდნენ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე გვეწვევიან "ბედნიერ სახლში", მოგვინახულებენ, უფრო კარგად გაგვიცნობენ. ძალიან მინდა, ჩემმა მეგობრებმაც ჩემსავით გაიხარონ.“
თინათინი დასძენს - „მიხარია, რომ ხვიჩა და ზუკა, როგორც ჩვენი მეგობრები და ფონდის დესპანები, ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, ფონდს ხელს შეუწყობენ პოპულარიზაციაში, მოუწოდებენ ფართო საზოგადოებას გვერდით დაგვიდგნენ. საქართველოს ზრდასრული მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, თვეში ერთხელ, სისტემატურად, მხოლოდ ერთ ლარს რომ რიცხავდეს ფონდის ანგარიშზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვისთვის ფინანსური პრობლემა არასოდეს შეიქმნებოდა. ჩვენი დიდი სურვილია საზოგადოების თითოეულმა წევრმა, თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს თავისი წილი სოციალური პასუხისმგებლობა და ჩვენთან ერთად იბრძოლოს სიცოცხლის გადასარჩენად.“
"ოცნებები ხდება! ეს დღე არასოდეს დამავიწყდება", - ამბობს გიო - "ბოლომდე ვერც კი ვიაზრებ რამხელა სიხარული მეწვია... ეს დღეა არასდროს დამავიწყდება. აუცილებლად, აუცილებლად დავწერ დაწვრილებით ამ საოცარი, მოულოდნელი სასიხარულო შეხვედრის შესახებ!"