„ხელებიდან წურწურით მომდის ოფლი... მეშინია“ - რატომ უჭირდა ყოველთვის თემურ წიკლაურს სცენაზე გასვლა

tsiklauri

ქართული ესტრადის ლეგენდის, სევდიანი სიმღერების შემსრულებლის თემურ წიკლაურის ცხოვრების დღიურებს შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ წერს. საინტერესო ჩანაწერებიდან მცირე ამონარიდს გთავაზობთ:

1967 წელს შეიქმნა ანსამბლი „ციცინათელა“. სოსო ებრალიძე იყო ხელმძღვანელი. დამიძახა. იქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, ლილის. სამი კურსი ხომ ხუთოსანი ვიყავი… „ციცინათელასთან“ ერთად გასტროლებზე წავედი და წავედი ხელიდან. უკვე თავის გამოჩენა მომინდა, სიმღერა გახდა მთავარი… ბევრი ივიშვიშა ჩემმა დეკანმა, ისწავლე, რა, ხომ შეგიძლიაო, – მაგრამ ვერ მიმაბრუნა… დამამთავრებინა მაინც როგორღაც…

საოცარია, მაგრამ სცენაზე გასვლა უსაზღვროდ მიჭირდა ყოველთვის. ახლაც მიჭირს. სიცილით კვდებიან, ვსველდები, ხელებიდან წურწურით მომდის ოფლი, სიტყვები არ მახსოვს, ხმა ხომ არ დავკარგე, – მეშინია. გავალ სცენაზე, ამოვიღებ ხმას და მერე მიდის და მიდის. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ…

დავქორწინდით. ორივე ვმუშაობდით. ამოვისუნთქე. ახლა რომ ვაკვირდები, რა იყო ეს ამოსუნთქვა? არაფერი. სიყვარულის ფონზე გაჩენილი თვითდაჯერება, რომ არაფერი გვაკლია. ცხოვრება პრაგმატული გახდა. მაგრამ რაც გამოცდილი მქონდა, არასოდეს დამვიწყებია. ახვედი თუ ჩამოხვედი კიბის საფეხურებზე, მნიშვნელობა არა აქვს. შენ ხომ იცი, რა არის ხელმოკლეობა, განსაცდელი… რა არის, როცა კუჭი „თავისას ითხოვს“ ან ჩასაცმელი არაფერი აქვს კაცს. ამას ყველაფერს ვხვდები, სულ არ მჭირდება, რომ ვინმემ მიამბოს. მე ხომ ეს გზა გავიარე. ეს რომ არ გამევლო, ვაი, რა ძნელი იქნებოდა სულის დაამება!

 

წყარო: „თბილისელები“