ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საავადმყოფო

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ,  კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება.

„2022 წლის 3 მაისიდან, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორად ლიანა ჭუმბურიძე ინიშნება. ლიანა ჭუმბურიძე 2019 წლიდან ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. ლევან გოფოძე რჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდში და კლინიკაში აგრძელებს საქმიანობას.

ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, როგორც კლინიკის მმართველი გუნდი, მადლობას უხდის თანამშრომლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კლინიკის გამართულ ფუნქციონირებაში COVID-19-ის პანდემიის დროს და მომავალშიც განაგრძობს მათთან თანამშრომლობას.

რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ჰოლდინგის მართვაში არსებული უმსხვილესი სახელმწიფო კლინიკაა, ამჟამად, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, კლინიკა მიიღებს როგორც კოვიდპაციენტებს, ასევე უზრუნველყოფს სხვა სამედიცინო სერვისების მიწოდებას“,- ნათქვამია განცხადებაში.