იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი დაიწყო

იუსტიცია

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები ოპერირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ განაგრძობს. ინიციატივა  იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგის  შედეგად სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას 250-ის ნაცვლად 470-მდე სერვისს იუსტიციის სახლის ჩვეული სტანდარტით შესთავაზებენ.

„იუსტიციის სამინისტროს მიზანია, 2024 წლისთვის აღარ დარჩეს არცერთი მუნიციპალიტეტი, სადაც არ იქნება წარმოდგენილი იუსტიციის სახლი. სწორედ ამ მიზნით  ამჟამად მიმდინარეობს იუსტიციის სახლის ხაშურის, ზესტაფონის, სუფსის, თერჯოლის, სამტრედიის და ახმეტის ფილიალების მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2022-23 წლებში. მომავალ წელს დაიწყება იუსტიციის სახლის მცხეთის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის, წალენჯიხის, ზოტის, ტოლების, შროშის, ცაიშის, დიდი დიღმისა და გლდანის ფილიალების მშენებლობა, რაც 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრების როგორც ინფრასტრუქტურული განახლება,  ისე იუსტიციის სახლების სერვისების გათანაბრების პროცესი და  თანამშრომელთა გადამზადება.  რებრენდინგის პროცესის დასრულების შემდეგ მომსახურების ხარისხის საერთო სტანდარტი დაინერგება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ.

საზოგადოებრივი ცენტრების რებრენდინგი მთელი საქართველოს მასშტაბით 88 საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობს და პროცესი ახალი წლისთვის დასრულდება.  კაჭრეთის საზოგადოებრივი ცენტრი პირველია, რომელმაც ოპერირება იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ უკვე დაიწყო.

ამასთან, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგიონსა და დედაქალაქში მომუშავე თანამშრომლების ხელფასები გათანაბრდა.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 იუსტიციის სახლი, 88 საზოგადოებრივი ცენტრი და 6 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.