„იწვევს ქიმიურ დამწვრობას, ქავილს, წვას“ - ექიმის გაფრთხილება

kavili

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც  ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში წერს, როდესაც ვამბობთ  „ლეღვის ნახარშს’’ გარკვეულ ადამიანებში, ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაბნეულობა და ეგონოს, რომ ხარშვისას, დუღილის გამო განვითარებული მაღალი ტემპერატურის მქონე სითხეა დამწვრობის მიზეზი, რაც ასე არ არის.

„სინამდვილეში საქმე გვაქვს ე.წ. ფიტოფოტოდერმატიტთან, რაც ნიშნავს ტოქსიკური ანთებითი პროცესების დაწყებას კანზე.

ის ვითარდება მაშინ, როდესაც მცენარეში შემავალი ქიმიური ნივთიერება მოხვდება კანზე და მას დაემატება მზის ულტრაიისფერი გამოსხივება.

ანუ ეს ქიმიური დამწვრობაა და არა ცხელი ნახარშის გადასხმით მიღებული დამწვრობა.

შესაბამისად მცენარის (ამ შემთხვევაში ლეღვის ფოთლების) ხარშვით მიღებულ ნივთირებას ცივად წაისვამს ადამიანი თუ ცხლად, მნიშვნელობა არ აქვს, მზეზე გასვლისას მაინც შეიძლება განვითარდეს დამწვრობა.

ამიტომ გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლეღვის ფოთლის ნახარშის წასმა კანზე, ის იწვევს ქიმიურ დამწვრობას, შესაძლოა განვითარდეს კანის ანთებითი პროცესები, გამონაყარი, ქავილის, წვის და ძლიერი ტკივილის შეგრძნება, კანის დაწყლულება, კანზე ლაქები და მისი აქერცვლა და ა.შ.

სხეულის დიდ ნაწილზე გადანაწილებისას დაზიანება შეიძლება იყოს ძალიან მძიმე და პაციენტს დასჭირდეს ხანგრძლივი მკურნალობა კლინიკაში, “- წერს არჩილ მარშანია.