ევროკავშირის სანქციების გამო, ფინეთში 900-მდე რუსული სატვირთო ვაგონია დაკავებული

vagoni

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ფინეთში 900-მდე რუსული სატვირთო ვაგონია დაკავებული.

უკრაინული მედიის ცნობით, ამას მოწმობს ფინეთის სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის მონაცემები და რუსეთის რკინიგზის სამსახურის წერილი, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ გაეცნო.

როგორც მედია წერს, რუსეთის რკინიგზის სამსახურის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირის მიერ აპრილის თვეში რუსული ქვანახშირის შეტანაზე დაწესებული სანქციების გამო, ფინეთის რკინიგზის ოპერატორმა მიიღო ზომები რუსეთთან სარკინიგზო კავშირების შესამცირებლად, რის შედეგადაც სასამართლო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაკავებულ იქნა 865 რუსული ვაგონი.

ფინეთის სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის წარმომადგენელმა დაადასტურა ფინეთის მიერ რუსული სატვირთო ვაგონების დაკავება. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ვაგონები ეკუთვნის კომპანიებს, რომლებიც უშუალოდ დაზარალდნენ ევროკავშირის სანქციების გამო, ან სანქციები მათ აქციონერებს შეეხოთ.