"იმ ფულით ძველ სამსახურში თანამშრომლებთან საჭმელი მივიტანე, ნაწილით კი..." - რას უყვება კეთილი კურიერი "პრაიმტაიმს"

tornike

თორნიკე ნინიკაშვილი ცნობილი თავისი სიკეთით გახდა. გლოვოს კურიერმა (იმ დროს იქ მუშაობდა) შარშან 4 იანვარს ფულით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა. იგივე განმეორდა ახლაც, ორი დღის წინ.

,,დედას გეფიცებით, ვკანკალებ... მეორედ...", - ამ სიტყვებით შეატყობინა ფეისბუქ მეგობრებს მან ფაქტის შესახებ.

თორნიკე, ბუნებრივია, ისევ ისე მოიქცა და პატრონს ხელუხლებელი საფულე გადასცა.  

გულკეთილი ბიჭი "პრაიმტაიმის" მკითხველს თავის ემოციებს უზიარებს. 

თორნიკე ნინიკაშვილი: 12 საათი გაუჩერებლად დავდივარ სკუტერით. ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის კურიერი ვარ, მთელი თბილისის მასშტაბით დავქრივარ და გაფაციცებული მაქვს ყურადღება. სკუტერზე მაქსიმალურად ყურადღებიანები ვართ კურიერები. ბავშვობაში მეზობელი მეხუმრებოდა, იმხელა თვალები გაქვს, ერთი კვირის გამოსახედს ერთ დღეში იხედებიო. მართლა ასეა, არაფერი მეპარება.

ფულით სავსე საფულის პოვნის შანსი მეორედაც მე იმიტომ მომეცა, რომ ღმერთმა იცის, მე იმ ფულს ჯიბეში არ ჩავიდებ. ვიდეოში ვთქვი, რომ ამ ადამიანმა მადლიერების ნიშნად ასი ლარი მაჩუქა. იმ ფულით ჩემს ძველ სამსახურში თანამშრომლებთან საჭმელი მივიტანე, ნაწილით საწვავი ჩავასხი, ცოტაც დამრჩა...

რაც შეეხება ჩემს განათლებას, ვამთავრებ უნივერსიტეტს. მინდა ევროპის ქვეყნებში ვიმოგზაურო. შემდეგ კი მინდა ცოტა ხნით ამერიკაში ვიცხოვრო. ტკბილ სიბერეს კი ჩემს ქვეყანაში ვაპირებ.