„ილორამდე ფეხით ვიარეთ. წმინდა გიორგიმ მიგვაცილა ტაძრამდე. 23 ნოემბერი იყო... აფხაზეთის ომიდან ოთხივე ცოცხლები ჩამოვედით" - დღეს ომის ვეტერანების დღეა

irakli lomidze

17 ოქტომბერი ომის ვეტერანების დღეა. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს - ირაკლი ლომიძეს "პრაიმტაიმის" მკითხველი იცნობს. მას ჩვენთვის მონათხრობი აქვს აფხაზეთის ომის ამბები. პირტიტველა მეგობრებთან ერთად ომში გაპარული და უკან კანტუზიით, სულიერი ტკივილებით, მეგობრებდაკარგული დაბრუნდა, გარდაცვლილი ძმების მშობლებს კი, თვალებში ვერ უყურებდა.

ამბობს, რომ ომი არასდროს ტოვებს მეომარს. დღემდე სიზმრად მყოფი იბრძვის, ბორგავს და სისხლის ცრემლებით დანამულ ბალიშზე იღვიძებს. ომის იარა პირს არ კრავს, თურმე. ტკივილებიც არაფრით ყუჩდება. არაფხიზელ მდგომარეობას წლები ტყუილად გაატანა... დაბოლოს, შვება მაინც ლოცვასა და ღმერთთან ახლოს მყოფობაში დაიგულა. 

ირაკლი აფხაზეთის ომზე გვიამბობს...

ირაკლი ლომიძე: გაპარვით ჩავფრინდი და აფხაზეთის ომს მოხალისედ შევუერთდი.

სამი თვე ტამიშში ვიდექით. როტაციას არ ვექვემდებარებოდით, სულ იქ ვიყავით გამაგრებული. მხოლოდ ერთხელ გამოვედით, 23 ნოემბერს გიორგობას. ბიჭებს ვუთხარი, წავიდეთ, ილორის წმინდა გიორგში (ოჩამჩირე) მოვილოცოთ-მეთქი.

დილის ექვს საათზე, მე, ზაზა დვალიშვილი, მამუკა ალიბეგაშვილი და აჩიკო ჩიკვილაძე, ფეხით წავედით ტამიშიდან ილორამდე. ვიარეთ ტრასაზე, სადაც მანამდე მანქანებით 120-ით გავდიოდით და ბუჩქებში ვისროდით. მაგარი წვიმა იყო, კოკისპირული, აფხაზებსაც კი დაეზარათ გამოსვლა, რომ ჩვენთვის ესროლათ. სულ ფეხით ვიარეთ, არავინ ჭაჭანებდა. ალბათ, წმინდა გიორგიმ დაუბინდა ყველას იქაურობა, რომ თავისუფლად გაგვევლო გზა.

გზაში ბიჭებმა მანქანა გაგვიჩერეს, დაჯექით, მიგიყვანთო. ნასვამები იყვნენ და მოვერიდეთ. წავიდნენ და ჩვენგან ას მეტრში, "ლიმონკა" აუფეთქდათ, კიდევ კარგი, გადარჩნენ.

და ასე, წმინდა გიორგიმ მიგვაცილა ტაძრამდე. მაშინ ისეთ რწმენაში არ ვიყავი, როგორშიც დღეს ვარ.

თავიდან ბოლომდე გალუმპულები ჩავედით ილორში. ტაძარში მივედით თუ არა, მზემ გამოანათა... მამაომ სანთლები გვაჩუქა და დავანთეთ.

ოჩამჩირეში მოვისვენეთ და უკანა გზაზე მანქანას გავყევით.

ეს იყო 1992 წლის 23 ნოემბერი... ოთხივე ბიჭი აფხაზეთის ომიდან ცოცხლები ჩამოვედით.

დაუჯერებელი ამბები ბევრი ხდებოდა...

ძალიან მძიმე იყო, როდესაც ბრძოლის ველიდან დაჭრილები ან გარდაცვლილები ვერ გამოგვყავდა. მახსოვს, ნოემბრის თვე იყო და სოფელ არადუში ცხრამეტი ბიჭი ვამაგრებდით ბლოკპოსტს, სამი დღე და ღამე მიდიოდა ბრძოლა. ვაფეთქებდით და ვუნადგურებდით ტექნიკას. ერთი ქალი გადმოვიდა მოლაპარაკებაზე და თქვა, კონტრშეტევაზე რომ გადმოსულიყავით (სადღა გვქონდა უკვე შეტევის თავი), ბრძოლით ტყვარჩელამდე მიხვიდოდით, თქვენს მტერს უკვე ძალები აღარ ჰყოფნიდაო.

"იუპიტერის" მეთაურმა, გუთუ ჯღამაიამ თავის ბიჭებთან ერთად, აფხაზების რამდენიმე ტანკი გაანადგურა. სოფლების - შრომის, თავისუფლების და კამანის მიმართულებით მაგრად იბრძოდნენ და ამწარებდნენ მტერს.

მაგრამ მაინც რომ ვფიქრობ, ღმერთი გვმფარველობდა. 13 თვე და 13 დღე ბრძოლის ველზე ყოფნა, ხუმრობა საქმე არ იყო...

სახლში არ ვრეკავდი. ცუდს ისედაც გაიგებდნენ. და რომ არ ვრეკავდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ კარგად ვიყავი და ვიბრძოდი.

დამირეკეს, ტამიშის "პიტომნიკი" აიღეს, აფხაზებმა დუშეთის და ავაზას ბატალიონი გაწყვიტეს და ვიკრიბებითო.

4 ივლისს ცაგერაში ჩავედით. იმ დღეს გიორგი რაზმაძე 18 წლის გახდა. მე კიდე, იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს, 7 ივლისს გავხდი 19 წლის.  ჩემი დაბადების დღე წინასწარ, ექვსში აღვნიშნეთ, რახან შეტევაზე მივდიოდით. ზვიადისტებს პურმარილი ჰქონდათ წამოღებული. ამოიღეთ თქვენი შემწვარი ქათმები და გვაქეიფეთ, მერე შეტევაზე მივდივართ-მეთქი, ვუთხარი და ცაგერას კლუბში გვაქეიფეს.

ლონგი ჭელიძე მეუბნებოდა, შეტევაზე არ წახვიდეო. ჯაბა იოსელიანმა ასდოლარიანი მაჩუქა. ავდექი და ამ ფულს ლონგის ვაძლევდი, შეტევიდან ცოცხალი თუ ვერ გამოვედი, ჩემი შესანდობარი დალიეთ-მეთქი. სულელი ხომ არ ხარო?! იმ ფულს გამომართმევდა? იმის მერე კიდევ ბევრჯერ გვაჩუქეს ფული.

შეტევის ძირითად ოპერაციას ირაკლი ბათიაშვილი ხელმძღვანელობდა. გია ყარყარაშვილის და დათო თევზაძის ხელმძღვანელობით სოხუმიდანაც ხორციელდებოდა შეტევა.

ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი თავის 15 წლის ბექასთან და "გავროშასთან" ერთად მოგვყვებოდა...

ნაღმები მოფრინავდა და ბავშვებს გადავეფარე. გვერდზე, მიწაში რომ აფეთქდა, ჰაერში აგვაგდო. წამიერად გავითიშეთ. ზაზა დვალიშვილი ყვიროდა, მახსოვს. ეგონა, რომ მოვკვდი. კანტუზია დამემართა.

ამ ყველაფერს ცხონებული, საშკა იოსელიანი იღებდა. ზვიადის გვარდიელებმა წაართვეს გადაღებული მასალა. საშკა მამაჩემს ეუბნებოდა, ელგუჯა ძია, ირაკლი სულ ფრონტის წინა ხაზზეა, კარგ კადრებს ჩამოვიტანო.

ჩვენი მეთაური იყო ნუკრი ჭელიძე, თბილისის მხედრიონის ხელმძღვანელი, ამიტომ ფრონტის წინა ხაზზე ადვილად ვხვდებოდით.

სოხუმში, გუმის მთის მეორე ხაზს ვამაგრებდით. ჩვენკენ რომ გადმორბოდა, საშკა მაშინ დაჭრეს. მერე ბაბუშერაში ჩვენი ბიჭების თვიმფრინავი ჩამოვარდა... ამის მერე უკვე თავები გვქონდა გადადებული. ფრონტის ხაზიდან ვერ გამოვდიოდით. მე და გუთუ ჯღამაიამ ავაფეთქეთ ჩვენი იარაღის ორი საწყობი, აფხაზებს რომ არ დარჩენოდათ.

გიო ხუციშვილი, ჩემი გიო, მის სულს ვენაცვალე... ერთად ვიომეთ. დავალებებს რომ ვიღებდით, ყველას ერთად წასვლა გვენანებოდა, ერთმანეთს ვზოგავდით და ხან ის გაიპარებოდა, იბრძოლებდა, ხან - მე, ხანაც - სხვა. ძირითადი ბრძოლები ერთად ვიყავით. ტყვარჩელის აღების დროს, ლაშქერიას მთაზე ვიყავით ორი კვირა...

ირაკლი ამირეჯიბი გლდანელმა ბიჭმა, ზაზამ გამაცნო, ოჩამჩირეში. სვამდნენ. ფრანგი ჟურნალისტი და ირინა გოგოსაშვილი იყვნენ მათთან ერთად. ირაკლი წყალბურთელი იყო, "კრასავჩიკი" და ასე იცოდა, ხომ მაგარი მხრები მაქვს, ბიჭოო. მოსწონდა საკუთარი გარეგნობა.

ტყვიების ზუზუნის დროს, ფეხზე დადიოდა, არ წვებოდა. თბილისურად ომობდა. ვინც თბილისიდან ვიყავით, ასეთები ვიყავით. მე "ჟივუჩის" გარდა, "მარიაჟას" მეძახდნენ. სულ ახალი "ზმანები" და იარაღი უნდა მქონოდა, "ნავაროტკებში". ვიყავით "ჟილკიანები". ერთი ამათ დავუხარო თავიო, ამბობდა ირაკლი და ომში წელგამართული დადიოდა.

რომ დაჭრეს, ჩვენ ტამიშში ვიყავით. ბრძოლები ყველა მიმართულებით მიდიოდა. ირაკლი და მისი გუნდი სოხუმისკენ მიდიოდნენ და თავდასხმა მოუწყეს. სამი-ოთხი ქალი დაიღუპა.

ირაკლი ამირეჯიბზე სნაიპერმა ქალმა მოჰყვა: სიმპათიური ბიჭი დავინახე, ნახევარი საათი გავშეშდი, არ შემეძლო მესროლა. მერე უფროსმა მე დამიმიზნა და სროლა მაიძულა. არ მინდოდა მომეკლა, ჩემმა ქალურმა ინტუიციამ მიკარნახა, რომ ეს ეს სიმპათიური ბიჭი ჩემი არასდროს იქნება და სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, დავჭერიო. ასე მოვიდა ეს ინფორმაცია ჩემამდე.  მხარში დაიჭრა, მაგრამ ტყვია შიგნით ჩაუტრიალდა. სამი დღე ვიბრძოლეთ მის გამოსაყვანად. ტანკები დავიმატეთ და მასირებული შეტევა დავიწყეთ. ოთხი ბიჭი გარდაგვეცვალა.

ირაკლის ცხედარი, თუ არ ვცდები, თამაზ ფანჩულიძემ, ნოდარ კირკიტაძემ და კობა ლაგაზიძემ დამალეს, აფხაზებს რომ არ წაეღოთ.

"ვაჩეს" ცხედარი აფხაზებს ორი თვე ჰქონდათ. მიცვალებულებს ყიდდნენ. ჟიული შარტავაში ცხედარშიც ხომ ფული აიღეს. ვისზეც გაიგებდნენ, რომ მეთაური თუ უფროსი იყო (საბუთებს ხომ ნახულობდნენ), მიჰყავდათ. ვაჩეიშვილს უყვარდა სამკერდე ნიშნები, ბერეტი და ეგონათ, არიქა, გენერალ სიმუსი მოვკალითო და სანამ თხუთმეტი ცხედარი არ მივუტანეთ, არ გვიბრუნებდნენ.

დაჭრილები მიხაილოვის საავადმყოფოში რომ ვიწექით, ბატონმა ჭაბუამ მოგვინახულა... უთქმელად დავემშვიდობე. მათ მშობლებს, ვინც ომიდან ვერ დაბრუნდა, თვალებში ვერ ვუყურებდი. მერჩივნა მათ ადგილას მე ვყოფილიყავი. მაკა რაზმაძის ნახვას, ნამდვილად მერჩივნა გიორგის ადგილას მე ვწოლილიყავი...

ომგამოვლილთ სინანული არ ტოვებს... მაქვს სინანულის გრძნობა, შეიძლებოდა მეტი გადაგვერჩინა, მეტად გვეზრუნა ერთმანეთზე. შიში არ გვქონდა-მეთქი, ტყუილი იქნება. შიშს ღიმილით ვთრგუნავდით და ერთმანეთს არ ვაჩვენებდით. ალბათ, ამიტომ ვიყავით მამაცები.

სისხლიდან დაცლილები ჩამოვედით და აქ ყაჩაღებს და ბანდიტებს გვეძახდნენ, სულში გვაფურთხებდნენ, სამოროდიოროდ იყავითო, გვეუბნებოდნენ. უკრაინელ გარდაცვლილ მეომრებს რომ მუხლებზე უდგებიან, მათი კეთილი შურით მშურს. პოლიცია ჩხრეკდა ომიდან დაბრუნებული მეომრების ოჯახებს. შენმა შვილმა აფხაზეთიდან რა ჩამოგიტანაო, პოლიციამ რომ ჰკითხა, დედაჩემმა უთხრა, მუნი ჩამომიტანაო...

მერე ომის შემდგომ სინდრომთან და სულიერ ტკივილთან ბრძოლა იყო... ეს გადაიზარდა სმაში, გულჩათხრობილობაში, წამალში... მეც მივეძალე ნარკოტიკს. მკლავდა ტკივილები, ფიზიკური, სულიერი... ბიჭებს რომ ვიხსენებდი, სულისგან ხორცი მეწვოდა, სინანული მკლავდა. ვფიქრობდი, ხომ შეიძლებოდა გადავფარებულიყავი-მეთქი... რომ გამეჩერებინა, ის ტყვია ხომ აცდებოდა-მეთქი. და ასე დაუსრულებლად თავს ვიდანაშაულებდი. აი, ეს არის ომის შემდგომი სინდრომი, თავის დადანაშაულება. ხშირად მას ვერ უმკლავდებიან და თავს იკლავენ.

რეალობიდან გაქცევამ, ნარკოტიკმა, ოჯახის მწუხარება მოიტანა. მაგრამ ღვთის წყალობით, ეს უკვე წარსულია. ირაკლი ბათიაშვილი სასთუმალთან მეჯდა და ბოლომდე იბრძოლა, რომ მე წამლისთვის თავი დამენებებინა. ამიტომ მიყვარს ირაკლი. ერთი დღე არ გამქცევია. მონასტრებში წამიყვანა, მომატარა... დღეს უკვე, ღვთის წყალობით, აღმსარებელი და მაზიარებელი ვარ.

მეგობრებო, არ გიღირდეთ ნარკოტიკი ოჯახის ტკივილად, თქვენს წუთიერ სიამოვნებად. ეს სიამოვნება დროებითია. რაც ღვთისგან არ მოდის, ყველაფერი ეშმაკისეულია.

სიზმრად ხშირად ომში ვარ. ღამით მეუღლეც შემიშინებია. ბალიში ხშირად მხვდება დილით სველი. სიზმარი შეიძლება შინაარსით ვერ გამოვიტანო, მაგრამ იქ ვარ. დღესაც აფხაზეთის ომში ვარ. ფიქრებით სულ. მებრძოლს ომი არ ტოვებს. მეგობარი ამბობდა, წამლის "ლომკა" გადავაგდე, ომის "ლომკა" დამეწყოო. ვერ დაივიწყებ, ცხოვრების ნაწილია, დამღაა გულსა და ტვინზე. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ლამაზი ქართული ოჯახი” - დაათვალიერეთ ფოტოები ხვიჩა და ნიცას ქორწილიდან

შური, უიმედობა, გრიგალივით ანადგურებს ჯანმრთელობას... მისი საწინააღმდეგო წამალია რწმენა" - მამა ბენიამინი

ინგა მატარებლის ბაქანზე დამხვდა. ორივე დაბნეულები ვიყავით...“ - რას იხსენებს ნიკა ნიკვაშვილი ინგა ფერაძეზე