ქართველი მსახიობი, რომელიც ახლა ესპანეთში მოხუცს უვლის - „ამან ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ჩემზე"

შორენა პაპიძე

ერთადერთი ნატვრა მაქვს, მინდა, ჩემმა ქვეყანამ იმის ნახევარ განვითარებას მაინც მიაღწიოს, როგორც ეს ქალაქია, ადამიანებმაც რომ ისწავლონ ერთმანეთის დაფასება - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი შორენა პაპიძემ.

ის ყოფილი მსახიობია. 13 წელი ჭიათურის თეატრის სცენაზე იდგა და უამრავი როლი შეასრულა, თუმცა საყვარელი პროფესიის დათმობა მოუწია და იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. თეატრის არტისტი ახლა ბარსელონაში მოხუცს უვლის. 

შორენა პაპიძე, მსახიობი: 

"46 წლის ვარ. უკვე 5 წელზე მეტია ბარსელონაში ვმუშაობ. მოხუცს ვუვლი. ჩემი საკუთარი შვილები არ მყავს, მაგრამ იგივე ჩემი შვილები არიან დისშვილები და ძმიშვილები. ჩემს პროფესიას ვემსახურე, თუმცა წამოსვლა მომიწია. ახლა, როცა დრო მაქვს ჩანახატებს და ლექსებს ვწერ. ვცდილობ, ხელოვნება არ დავკარგო ჩემში.

- თეატრი არ გენატრებათ?

- ძალიან. ბევრი როლი შევასრულე, მთავარიც და მეორეხარისხოვანიც, მაგრამ ჩემთვის ყველა როლი ერთნაირად საყვარელია. ადრე, აქ ბარსელონაში მარჯანიშვილის თეატრი იყო გასტროლით ჩამოსული. მაშინ კარგად არ ვიცნობდი ქალაქს და ხუთი კილომეტრი ფეხით გამოვიარე, ვნერვიულობდი - ვაი, თუ ვერ მივასწროთქო. მივასწარი და ჩემზე უბედნიერესი ადამიანი არავინ იყო იმ დღეს. ცრემლები მომდიოდა მთელი სპექტაკლი. 

- რთული იყო შეგუება ახალ რეალობასთან? 

- რა თქმა უნდა. თავიდან ღამეები არ მეძინა, ვტიროდი. მით უმეტეს, ვუვლიდი ალცჰაიმერით დაავადებულ მოხუცს, რამაც ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა. 

- რა არის თქვენი ოცნება? 

- მარტივად გეტყვი - ესპანეთზე ზეგანვითარებული და უფრო ძლიერი ქვეყნებიც არიან ევროპაში, მაგრამ ვოცნებობ, რომ ჩემი საქართველო ამის ნახევარი მაინც იყოს, განვითარების მხრივ, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების მხრივაც. აქ საახალწლოდ, ერთი საწყალი, გაპუტული ნაძვის ხე დადგეს, მაგრამ ბებო ვისაც ვუვლი ყოველ დღე მთხოვდა, წავიდეთ ვნახოთ ეს რა სილამაზეაო, რა მაგარი რამ გაუკეთებიათო. უცებ წარმოვდგინე, ასეთი ნაძვის ხე თბილისში რომ დაედგათ რა მოხდებოდა. აჭრელდებოდა ფეისბუკი ლანძღვით და სიძულვილით. პირველ რიგში, ერთმანეთის გაუტანლობასა და სიძილვილზე უნდა ვთქვათ უარი, მერე დანარჩენს მივხედოთ.

სხვა სიახლეები