სეფსისი ტვინში წავიდა… ვეღარ ვსაუბრობდი… ძალიან არ მინდოდა “იქით” წასვლა – თამუნა ქორქია

tamuna qorqia

მოდელი თამუნა ქორქია, რომელმაც ბოლო პერიოდში საზოგადოებას თავი “ჩცდ”-ში მანჩოს როლით შეახსენა, 14 წლის იყო დიაბეტის დიაგნოზი რომ დაუსვეს. თავის ცხოვრებას ორ ნაწილად ჰყოფს, 33 წლამდე, რომელშიც დიაბეტთან ერთად იცხოვრა და მერე, როგორც “ახალი კვირისთვის”  მიცემულ ინტერვიუში ამბობს, “როცა მოკვდა და გაცოცხლდა დიაბეტის გარეშე”.

40 წლის მოდელი კალათბურთელ მიხეილ ქორქიას ქალიშვილია. შარშან ბედი რეჟისორ ვასკა ქართველიშვილს დაუკავშირა, თუმცა როგორც იხსენებს, იყო დრო, თუ გათხოვება უნდოდა, დიაგნოზის გამხელას რომ უკრძალავდნენ.

თამუნა ქორქია: – ექთანმა მითხრა, არ თქვა დიაბეტი რომ გაქვსო. გავოცდი, რას ნიშნავს-მეთქი? ვერ გათხოვდებიო.

ჩემი ოჯახის წევრების შეშინებულ სახეებზე მივხვდი, რომ რაღაც არ იყო კარგად საქმე… ექიმებმა რომ ამიხსნეს რა მჭირდა, ეს იყო შოკი, დიდი სტრესი მივიღე. დროების მიხედვით უნდა ჭამო, ინსულინი დროზე უნდა იკეთო. უცებ წარმოუდგენელ ამბავში მოვხვდი. ბეჯითად ვასრულებდი ყველაფერს. მეგონა, რომ თუ ერთი წამით გადავაცილებდი ინსულინის გაკეთებას, ან ჭამას, უბედურება დატრიალდებოდა.

სხვადასხვა დიაგნოზს მისვამდნენ. ამის გამო აგრესია დამემართა და ბრიტვით თმა გადავიპარსე.

18 წლის ვიყავი, საზღვარგარეთ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მძიმე და განსხვავებული ფორმის დიაბეტი მქონდა. შევეგუე და დავიწყე მასთან ერთად ცხოვრება.

ექიმებში სიარული მიწევს მთელი ცხოვრება და უკვე ამ ყველაფრისგან ისეთი აგრესია დამემართა, რომ დავაიგნორე ეს დაავადება და დავიწყე ტკბილეულის ჭამა და ძალიან ცუდად ვექცეოდი თავს.

იმდენად ვერ მივეჩვიე დიაბეტთან ერთად ცხოვრებას, რომ თავი დავაჯერე, რომ მე ვერაფერს მიზამს…

ამან იქამდე მიმიყვანა, რომ ორივე თირკმელი გამეთიშა. სეფსისი ტვინში წავიდა და ერთი დღე და ღამე გადადებული ვიყავი. სხეული აღარ მემორჩილებოდა. ვერც ვსაუბრობდი. იყო პერიოდი, მხოლოდ მესმოდა და ეს იყო მარტოობის, მონატრების შეგრძნება. ძალიან არ მინდოდა “იქით” წასვლა… არც ვიცოდი, სად მივდიოდი.

ჩემ თავთან ჩემი და რომ ტიროდა, მახსოვს, აზრზე მოსვლის მომენტებში ვეუბნებოდი, გამიშვი, ნუ მაწვალებ, ძალიან ცუდად ვარ-მეთქი.

იყო საზღვარგარეთ გადაფრენაზე საუბარი. სამი პროცენტი აქვს გადარჩენის შანსი და მგზავრობას ვერ გადაიტანსო, ამბობდნენ. მაინც გადამაფრინეს ავსტრიაში. ასე გამომტაცეს სიკვდილს ხელიდან და ცხოვრებაში დამაბრუნეს. შემაერთეს დიალიზზე. ორი წელი კვირაში სამჯერ დიალიზს ვიკეთებდი. შემდეგ პანკრეასისა და თირკმლის დონორის რიგში ჩავდექი.

ორწლიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, შენი ორგანოები მოვიდაო… შვიდი საათი მიმდინარეობდა ოპერაცია და რომ გავიღვიძე მითხრეს – შაქარი არ გაქვსო.

ასეთი თავისუფლების შეგრძნება მეორე, ალბათ, არ არსებობს. მივხვდი, თურმე რა ბედნიერებაა ცხოვრება, რა ბედნიერებაა რომ თენდება, მზე ამოდის, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ღამდება… მივხვდი, რომ წარმოუდგენლად ბედნიერი ვიყავი. თურმე რა კარგია, რომ ვცხოვრობ. მივხვდი, რომ საერთოდ არ ვაფასებთ ადამიანები რაც გვაქვს.

ძალიან მიყვარს, ვგიჟდები სიცოცხლეზე. და უკვე არასდროს არ ვარ ცუდ ხასიათზე.

 

დაგაინტერესებთ:

 

👉  ასეთი მეორე ნახევარი არავის მოეწონება – რატომ არ ჩნდება ხშირად თათია შარანგია მეუღლესთან ერთად

 

👉 დარჩა მხოლოდ სიცარიელე… ჩემს ტკივილთან ერთად ვცხოვრობ – თაკო ნატროშვილი პირად ტრაგედიაზე