„გათიშეთ მუსიკა და გვალაპარაკეთ მშვიდად, ხალხი არა ხართ?“ - მუსიკოსი, მებო ნუცუბიძე ბარ-რესტორნების მეპატრონეებს მიმართავს

bari

მუსიკოსი მებო ნუცუბიძე, რომელსაც საზოგადოება "X ფაქტორი"-დან და "აკუსტიკიდან" იცნობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, თუ რატომ არ უნდა ჟღერდეს მუსიკა ბარ-რესტორნებში. ის ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და ფრანგულ კაფეში მიღებულ შთაბეჭდილებას გვიზიარებს.

მებო ნუცუბიძე: - პარიზთან ძალიან ახლოს, პატარა ქალაქში ვცხოვრობთ. დილით, ყავის დასალევად გავედით და სახლის გვერდით, ძალიან ლამაზ და მყუდრო მოედანზე, საინტერესო გარეგნობის კაფესაც მოვკარით თვალი. ტერასაზე დავსხედით.

მაგიდასთან ღიმილით მოსულ მიმტანს, ორი ამერიკანო შევუკვეთეთ და თან ვკითხე, წასაღებ ჭიქებშიც ხომ არ გაქვთ ყავა, სამომავლოდ რომ გავითვალისწინოთ-მეთქი. გაგვიღიმა. არა, ჩვენთან მხოლოდ ადგილზე შეიძლება ყავის დალევა, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან გვიყვარს და გვინდა აქ დასხდნენ და ისე მიირთვანო.

გამეღიმა. გარშემო მიმოვიხედე და დილაადრიან შეკრებილ საზოგადოებას ყურადღებით მოვავლე თვალი: ოდნავ მოშორებით, ორი ახალგაზრდა ქალი ენერგიულდ საუბრობდა ერთმანეთში; მათ გვერდით, შუახნის მამაკაცი იჯდა, მაგიდაზე დილით ნაყიდი ახალგამომცხვარ ბაგეტები ედო, თვითონ კი ტელეფონში ჩაძირულიყო. ალბათ, სახლში მისვლამდე და საქმიანი დღის დაწყებამდე, ესპრესოსთან განმარტოება ჰქონდა განზრახული; მის პირდაპირ, მოხუცი წყვილი იჯდა: კაცს მზის სათვალე და ქუდი ეხურა, ქალს წითლად შეღებილი თმა ამშვენებდა. გაღიმებულები ისხდნენ და სივრცეში იყურებოდნენ; ტერასის უკიდურეს მარჯვენა კუთხეში კი, სკამზე კოხტად წამოსკუპებულიყო ძალზე გამხდარი ასაკოვანი ქალი, მოკლე ჭაღარა თმითა და პატარა ცხვირზე დაკოსებული თხელჩარჩოიანი სათვალით. არავისთვის ეცალა, მაგიდაზე ყავა ედგა, თვითონ კი, თავჩარგული, გაფაციცებით ავსებდა სხვადასხვა ტიპის კროსვორდებს.

უცბად ვიგრძენი, რომ საერთოდ არაფერი მაწუხებდა, ის გაუსაძლისი სიცხეც კი, ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო რომ იკრებდა ძალებს.

გონება დავძაბე, ვხვდებოდი, რომ იყო რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ამ ყველაფერს დამატებით განასხვავებდა თბილისის კაფეებში გატარებული დილებისგან.

ბინგო!

სიჩუმე. დიახ, სიჩუმე. არც რადიო იყო ჩართული, არც იუთუბის ფლეილისტები და არც ნებისმიერი სხვა რამ.

მხოლოდ ადამიანები და მათი საუბრის მშვიდი და მელოდიური ხმა.

არაფერია ადამიანური ურთიერთობების მუსიკაზე უფრო ლამაზი.

ხოდა, ხალხო, თბილისური კაფეების მეპატრონეებო, მენეჯერებო, მეგობრებო, გულშემატკივრებო: გათიშეთ მუსიკა და გვალაპარაკეთ მშვიდად, ხალხი არა ხართ?

გვა-ლა-პა-რა-კეთ!