„გარდაცვლილ ბებოს, ოპერაციის დროს ჩემთან ვგრძნობდი, ხელი არ გაუშვია. მერე თოლია მოფრინდა...“ - რას გვიყვება თათია კობალაძე თურქეთიდან

tatia

"ჩემ გარდაცვლილ ბებოს, ჩემს გვერდით, მთელი ოპერაციის პერიოდი ვგრძნობდი" -  ამბობს თათია კობალაძე "პრაიმტაიმთან". მომღერალმა ექვსი დღის წინ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ყელიდან სიმსივნე ამოიკვეთა. "ოპერაციამდე ბევრი ვიმღერე. ოპერაციიდან 10 დღეში შეძლებ სიმღერასო, მითხრეს" - წერდა ოპერაციის შემდეგ. 

ამბობს, რომ ახლა თავს ბედნიერად გრძნობს. ამის მიზეზად საყვარელი ბებოს "თანადგომასა" და შემწეობას ასახელებს. 

თათია კობალაძე: ბებო სამი წლის წინ კოვიდმა წამართვა...

ძალიან მორწმუნე იყო. სულ ლოცულობდა. მე რომ დავდიოდი ტაძარში, სულ მიყურებდა შორი ახლოდან. მე შევიყვანე პირველად ტაძარში! მისი იქ შესვლა და რწმენის გაძლიერება ერთი იყო. არც ერთ წირვა-ლოცვას არ ტოვებდა. 

ჩემი ოპერაციის დღე მისი გარდაცვალების დღეს დაემთხვა. რატომღაც... არადა, სხვა დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა შეიცვალა და ოპერაცია ჩაინიშნა ზუსტად იმ დღეს, როცა ბებო გარდამეცვალა. 

ვგრძნობდი, ოპერაციის დროს ბებო გვერდით მეჯდა და ხელი არ გაუშვია. საოპერაციოდან რომ გამომიყვანეს, გაბრუებული ვიყავი და მახსოვს, საწოლის გვერდით მყოფი ჩემი ქმარი მარჯვენა ხელზე მეუბნებოდა, რატომ უჭერ მანდ ხელს, დასრულდა ოპერაცია, თათი, მან არაფერი არ არისო... და მაშინ გადავიხედე და დავინახე, რომ უკვე იქ აღარ იყო ბებო. მე მქონდა ცხადი განცდა, რომ თითქოს მასზე მქონდა ხელი ჩაკიდებული...
 
 იმ დღეს ჩემი პალატის ფანჯარასთან თოლია მოფრინდა და გარედან გვიყურებდა კარგა ხანს... ესეც ბებოს სიყვარულის ნიშნად მივიღე.

ბებო  იყო მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, ვისაც საოცრად ვუყვარდი,  განსხვავებულად. მის მიმართ მეც სულ სხვა სიყვარული მქონდა. სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა ჩემით. უფლის წყალობა, მისი სიყვარული და ბებოს სული რომ მფარველობს, უკვე ბევრჯერ დავრწმუნდი! მადლობა უფალს ყველაფრისთვის...