გამოცდილი პილოტის ბოლო სამიზნე და ბოლო სამხედრო სწავლება - რა მოხდა მოიერიშე რეაქტიულ თვითმფრინავზე - გასცემს თუ არა კითხვებს პასუხს შავი ყუთი

სუ 25

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფრენი აპარატის კატასტროფის შესახებ ცნობა 13:00 საათისთვის გაჩნდა. ოდნავ მოგვიანებით, ფაქტი თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან გაირკვა, რომ, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა. "სუ-25-ის" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. ტრაგიკული შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა. ავიაკატასტროფის ადგილთან ყველაზე ახლოს სოფელი დისველია. სოფლის მაცხოვრებლები პირველი თვითმხილველები არიან, რომლებიც, "კურიერთან" საუბრისას, დეტალურად იხსენებენ მომხდარს და ჰყვებიან, რომ "სუ 25-მა", აფრენიდან დაახლოებით 2 წუთში, რამდენიმე მანევრის შესრულების შემდეგ, კატასტროფა განიცადა.

პილოტმა კახაბერ ზურაბაშვილმა, სავარაუდოდ, კატაპულტირება ვერ მოასწრო და საფრენ აპარატთან ერთად აფეთქდა. "კურიერის" არქივი ინახავს გამოცდილი მფრინავის ინტერვიუს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სწავლების დროს არის ჩაწერილი. დაღუპული პილოტი დღეს გორში, მეზობლებმაც გაიხსენეს.

დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზების დასადგენად, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ. ადგილზე ჩავიდა თავდაცვის მინისტრი, თუმცა ირაკლი ჩიქოვანი მედიასთან დღეს არ გამოჩენილა. უწყება მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს.

"კურიერის" ინფორმაციით, პილოტმა კახაბერ ზურაბაშვილმა, ერთ-ერთი ბოლო საჯარო ფრენა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების დროს განახორციელა.