პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმი“ ხშირად გიყვებათ ქართველების შესახებ, რომლებმაც სხვა ქვეყანაში წარმატებას მიაღწიეს. დღევანდლელი ჩვენი რესპონდენტი მერი ჯორჯინია, რომელიც უკვე წლებია იტალიაში ცხოვრობს. მან რომის კონსერვატორიაში სრული დაფინანსებით ჩააბარა. ცოტა ხნის წინ კი, „მარადიულ ქალაქში“ საკუთარი ფეხსაცმლის მაღაზიაც გახსნა.
მეტი დეტალისა და სამომავლო გეგმების შესახებ მერი ჯორჯინი თავად მოგვიყვება:
საქართველოდან იტალიაში
„ჩემმა ფსევდონიმმა დიდი წარმატება მომიტანა. ნამდვილი სახელი და გვარი მერი ღონღაძეა. აქ, რომ ჩამოვედი უჭირდათ წარმოთქვმა. თავიდან, ვიფიქრე - გონგაძე. მაგრამ, თან გვარის შეცვლა არ მინდოდა. ახლა, ყველა ასე მიცნობს - მერი ჯორჯინი .თუმცა ამასაც, ისტორია აქვს. ბავშვობაში თამარ ივერის დიდი ფანი ვიყავი. მისი კონცერტებს ვესწრებოდი. მერე გავიგე, რომ მისი ნამდვილი გვარი ჯავახიშვილია. შეიძლება, ითქვას, რომ ეს ჩემთვის ინსპირაცია იყო...
ბავშვობიდან ვმღერი. 6 წლის ასაკში ფორტეპიანოზე მიმიყვანეს. დავდიოდი ანსამბლ „გვირალაში“. პირველად, სწორედ მათთან ერთად ჩავედი იტალიაში, სიმღერის კონკურსზე, სადაც ვენეციის საბავშვო ფესტივალის პრემია მოვიგე. იტალიაში მოგზაურობის შემდეგ შემიყვარდა ოპერა. 12 წლის ვიყავი, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრში „ტრავიატა" ვნახე და მივხვდი, რომ ოპერა ძალიან მიყვარდა.
იმ დროს, როდესაც კონსერვატორიაში ვაბარებდი ცუდი პერიოდი დაემთხვა. მისაღები ბავშვების რაოდენობაც შეამცირეს, მხოლოდ 8 ბავშვს იღებდნენ - 4 გოგოსა და 4 ბიჭს. ქულების მიხედვით მე-5 ვიყავი და კონსერვატორიაში ვერ მოვხვდი. ეს განაჩენი არ იყო და ფარ-ხმალი არ დავყარე. სახლში ვთქვი, რომ იტალიაში უნდა წავსულიყავი. იმავე წელს წავედი და ჩავაბარე ოზიმოს აკადემიაში. მაშინ, იქ 5 ქართველი სწავლობდა. იტალიაში არავინ მყავდა, მარტო ვიყავი და იქ ჩაბარება ჩემთვის ძალიან დიდი პირადი გამარჯვება იყო“.
ცხოვრება იტალიაში
იტალიურ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი, როდესაც იქ ჩავედი, უკვე გამართულად ვწერდი და ვსაუბრობდი. მარტო ცხოვრებაც არ გამჭირვებია. ეს გარემო ჩემთვის უცხო არ ყოფილა. რაც შეეხება, ოზიმოს აკადამიას. მოხვედრა ძალიან რთული იყო. გავიარე ორი ტური და 6 ნაწარმოები ვიმღერე. ჩაბარების შემდეგ, სხვა სირთულეები დაიწყო. ერთი სასაცილო ამბავიც გადამხდა... იმ პერიოდში ცენტრალურ იტალიაში სამუშაო საათები უცნაურადაა. იტალიელები 1-მდე მუშაობენ შემდეგ, ისვენებენ და 4-დან აგრძელებენ სამუშაო დღეს. შუადღეს შედიან სახლებში, კეტავენ ფანჯრებს და იძინებენ. ეს უცნაური წესი ჩემთვის ახალი იყო და ერთ დღეს, აკადემიიდან გამოსული, გაოგნებული დავრჩი - პირველ საათზე ქალაქი ცარიელი დამხვდა. ოზიმოს აკადემიაში 2 წელი ვისწავლე და შემდეგ რომში გავაგრძელე სწავლა. პირდაპირ შევიტანე საბუთები რომის კონსერვატორიაში, სანტა ჩეჩილიაში. ჩავირიციხე მაქსიმალური ქულით, მოულოდნელი იყო, თუმცა მზად ვიყავი ახალი შანსისთვის. კონსერვატორიაში 5 წელი ვისწავლე.
კონსერვატორიის შემდეგ
ოპერის მომღერლის ცხოვრება რთულია, განსაკუთრებით, იტალიაში. გიწევს თავი დაიმკვიდრო და შენი სახელი ყველგან გააჟღერო, დადიხარ და კონცერტებს ატარებ, მუდამ შრომობ. მე, როგორც საოპერო მომღერალმა, ჩემი საქმე შევინარჩუნე. თუმცა, პარალელურად, ახალი საქმის ძიებაც დავიწყე. რამდენიმე მუსიკა ჩავწერე, ვიდეორგოლი. ხალხისგან დიდი მოწონება დავიმსახურე. ასევე, რომში საკუთარი ფეხსაცმელების მაღაზია გავხსენი. პანდემიის მიუხედავად, თავისუფლად ვუწევ კონკურენციას დიდ ბრენდებს.
რამდენიმე წლის წინ, მთელი იტალიის პოლიციის ორკესტრთან ერთად ვატიკანში, საქართველოს პატრიარქის „ავე მარია“ შევასრულე. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო“.