გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ქართველი ახალგაზრდის მორიგი წარმატება - მორაგბე თემიკო ანჯაფარიძე სორბონას უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩარიცხულს მოტივაცია და მიმართულება საყვარელმა სპორტმა მისცა.
საფრანგეთში 25 აგვისტოს გაემგზავრება, 12 სექტემბრიდან კი სწავლის პროცესში ჩაერთვება. რა გეგმები აქვს ახალგაზრდა სპორტსმენს, ამაზე ის „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
რა თქმა უნდა, საუბარს რაგბით ვიწყებთ.
თემიკო ანჯაფარიძე: ჩემი და რაგბის ურთიერთობა პატარაობიდან იწყება. ვიყავი 6-7 წლის, მას შემდეგ სულ ვთამაშობ, არ გავჩერებულვარ. 13 წლიდან ტრავმები მივიღე და პრიორიტეტიც შემეცვალა.
თამაშის დროს თითი დავიზიანე, ღია მოტეხილობა იყო და ოპერაცია დამჭირდა, ამაზე 6 თვე დამეკარგა. შემდეგ იყო მხარზე ოპერაცია, ყველაზე რთული, რაღაც მოძრაობები ახლაც შეზღუდული მაქვს. გართულებები უყურადღებობამ გამოიწვია, მეგონა, რომ სერიოზული არაფერი იყო, დროდადრო გამირთულდა. ამის მიუხედავად, დანებებას არ ვაპირებ.
საფრანგეთში წასვლის სურვილი თავიდან რაგბის გამო გამიჩნდა, ენის სწავლაც ამის გამო დავიწყე. რა თქმა უნდა, სწავლაზე ვარ ორიენტირებული, თუმცა, ვაპირებ, რომ საფრანგეთში, გუნდში ვითამაშო, ვნახოთ, მეორე სემესტრში როგორ მოხერხდება. მცირე სირთულეებს რომ გადავლახავ, ვეცდები, პროფესიონალურად ვითამაშო.
- რატომ მაინც და მაინც საფრანგეთი?
- საფრანგეთში რაგბი საკლუბო დონეზე ყველაზე განვითარებულია, ყველა კარგი მორაგბე იქ მიდის. ჩემი მიზანიც ეს იყო, მესწავლა და წავსულიყავი. თუ ფრანგული იცი, პლუსია. ამით უფრო გამმარტივდება იქ ადაპტირება.
- რატომ გადაწყვიტე კონკრეტულად ამ უნივერსიტეტში ჩაბარება?
- სორბონა ევროპაში საუკეთესო უნივერსიტეტია. საფრანგეთზე, უნივერსიტეტზე საუბრისას, მგონი ყველას პირველი ეს გვახსენდება. ძალიან მაღალი დონის, უძველესი, ლექტორებით გამორჩეული უნივერსიტეტია. ბევრი წარმატებული სტუდენტი ჰყავს.
ჩავირიცხე ეკონომიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში სწავლისას არაფერს გადავიხდი. ჩაბარების პროცესი მარტივი არაა. დოკუმენტების შევსება თავის ტკივილია, პატარა შეცდომის დაშვებაც არ შეიძლება. 15 დეკემბრამდე იყო შევსების ბოლო ვადა, პასუხი კი აპრილში მომივიდა.
- რას ურჩევ პირადი გამოცდილებით იმ ადამიანებს, რომლებსაც საზღვარგარეთ სურს სწავლის გაგრძელება?
- ყველა ამბობს, რომ წასვლას აპირებს, მაგრამ გადის წლები და ვერ მიდიან. ვინც ამბობს, რომ აპირებს, უნდა მაშინვე ნახოს მოთხოვნები, რა სჭირდება, მატერიალური კუთხე, საბუთები, ინფორმაცია მოიძიოს და მალევე გადაწყვიტოს. მთავარი რჩევა ჩემგან - არ დაისტრესონ. საზღვარგარეთ სწავლა ისეთი წარმოუდგენელიც არ არის, ზოგიერთს რომ ჰგონია. ვინც მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა.
- ამ ყველაფრის პარალელურად, გრჩება დრო პირადი ცხოვრებისთვის?
- რობოტები ხომ არ ვართ, რა თქმა უნდა, დრო მრჩება. მთავარია, დროის სწორი მენეჯმენტი. ახლა ჩემი გული დაკავებული არ არის.