ინტენსიური თოვის გამო, გზებზე შეზღუდვები დაწესდა - გაფრთხილება მძღოლებს
1732634168
ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე, წალენჯიხის სოფელ წყოუშში, დევნილ და სოციალურად დაუცველ ქალებს, ხელსაქმეს დევნილი ამიდა ახალაია ასწავლის.
იდეის განხორციელებაში კი მას ფონდი "სოხუმი" დაეხმარა.
ქალებმა მათი ხელით შეკერილი სამი თვის ნამუშევარი ტანისამოსი საოკუპაციო ხაზთან გამოფინეს.
კაბები, შარვლები, ნაჭრის ჩანთები, საყელოები, ქვედაბოლოები, ზედატანები ბავშვებისთვის,-ასე გამოიყურება ექვსი ქალის ნახელავი, როგორც სამთვიანი სწავლა-მუშაობის შედეგი.
ჭრა-კერვა კი 6 ქალს სოფელ ფახულანის მცხოვრებმა, აფხაზეთიდან დევნილმა 29 წლის ამიდა ახალაიამ შეასწავლა. თავად ეს ხელსაქმე დედისგან ისწავლა, მერე კი გადაწყვიტა თანასოფლელ დიასახლის ქალებს დახმარებოდა.
აფხაზეთის მეზობელ სოფლებში განსაკუთრებით მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა, იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ქალებს საკუთარი, დამოუკიდებელი პროფესია, საქმე და შემოსავალი გაუჩნდებოდათ.
ამიდა პროფესიით არქიტექტორია,არქიტექტურული დეტალების მძერწავ -მემოდელე, დიზაინერი და ასევე პოლიმერული თიხის ოსტატი.
იგი კონფლიქტის გამყოფ ხაზს თითქმის ყოველდღე კვეთს.
2010 წლის 19 მარტს კი ოკუპანტებმა დაიჭირეს. სკოლის მოსწავლე იყო,როცა ბაზაზე გადაიყვანეს, პალტოს ღილის ჭრილიდან ფოტოები დამალული ტელეფონით გადაიღო.
იმ წელს სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. პირველი საჩუქარი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისგან მიიღო, როგორც მედალოსანმა მოსწავლემ.
ახალგაზრდა ქალის მშობლები საბერიოში ცხოვრობენ. თვითონ კი ფახულანში. აბრა ორივე სახელწოდებით “ფახულანი“ და „საბერიო“, ერთმანეთისგან ცოტა მოშორებით, იმ შლაგბაუმთან დგას, რომელსაც,რუსი სამხედროები კვირის ყოველ დღე აღებენ და კეტავენ და ასე გრძელდება წლებია. როცა გადადის, საქართველოს სახელმწიფო დროშის სამკერდე სიმბოლოს საყელოს ქვემოდან აქცევს და ოკუპანტისთვის უჩინარს ხდის, გადმოსვლის დროს - ყველასთვის თვალსაჩინოს. კონფლიქტის ზოლს აქეთ, დროშა მისი მთავარი სამკაულია - „მისი წილი საქართველოა",-როგორც იგი ამბობს.
თავის მხრივ, ამიდა გეგმავს სოციალური საწარმო გააფართოვოს, სადაც უფრო მეტ თანასოფლელებს დაასაქმებს. ისინი აირჩევენ კონკრეტულ მიმართულებას, იქნება ეს თეთრეულების, თუ მაგიდის გადასაფარებლების წარმოება და იმუშავებენ ქალების - ერთმანეთის გასაძლიერებლად საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს.
ამიდა ასევე პოლიმერული თიხის ჭიქებს, ნაქსოვ ჩანთებს, გულსაბნევებს, საყურეებს, მინიატურულ ქანდაკებებს და თოჯინებსაც ქმნის. მის პროდუქციას მომხმარებლები ოკუპირებულ აფხაზეთში და საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტები ყიდულობენ.