მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
მსახიობებს გენიალურობას არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიჭი და შეუდარებლობა სძენს, არამედ პიროვნული შტრიხები და ხასიათი. სოფიკო ჭიაურელი კი, ასეთ ადამიანთა კატეგორიაში გახლდათ. ის იყო პიროვნება, რომელიც ერთიანად უყვარდა ბაზრის უბრალო გამყიდველსაც და თეატრის გულმხურვალე გულშემატკივარსაც... და როდესაც პროფესიულ ზენიტს ადამიანურიც თან ერთვის, უკვდავებაც მოდის...
დღეს სოფიკო 87 წლის გახდებოდა...
მეხსიერების თვალით რომ დაივლი მის როლებს, ჯერ მისი თვალებბრიალა ციცინო გახსენდება "ჩვენი ეზოდან", შემდეგ - ტასია ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"). შემდეგ უკვე მზექალა, ვარდო, ზღაპრული ფუფალა... ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავებული ქალები. ფარაჯანოვის "საიათნოვაში" - იგივე "ბროწეულის ფერში" შესრულებული როლები ხომ მისტიკაა! ლანა ღოღობერიძის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" მთლიანად სოფიკოზე დგას.
ამ თვალისმომჭრელ გალერეაში განსაკუთრებით უყვარდა ფუფალა.
სოფიკო ჭიაურელი: ფუფალა ნათელი ფერია ჩემს შემოქმედებით ბიოგრაფიაში. ვფიქრობ, სხვა რომ აღარაფერი გავაკეთო, ფუფალა ხომ მაინც დარჩება-მეთქი. ქართული კინოს კი ის პერიოდი დარჩება როგორც კლასიკა.
როდესაც დამიძახა და ეს როლი შემომთავაზა, გავგიჟდი ისე გამიხარდა. მოთხრობა წაკითხული მქონდა, მაგრამ ისევ გადავიკითხე და ისე მივედი სტუდიაში.
გამახსენდა ქალი, რომელიც მარჯანიშვილზე მხვდებოდა ხოლმე. არანორმალური იყო, მანქანებს ხელს უქნევდა და უღიმოდა. ერთხელ მიზეზი ვიკითხე, მითხრეს, სიყვარულის გამო გაგიჟდა, შეყვარებული მოუკვდაო... ის გამახსენდა და ვიფიქრე, რომ აქედან გამომდინარე უნდა შემექმნა ფუფალას როლი. მივედი სტუდიაში, ვილაპარაკეთ, ვუთხარი ჩემი აზრი, ვაჩვენე, რაც მოვიფიქრე. თენგიზი ხომ ძალიან დამყოლი იყო, არასოდეს უთქვამს არავითარ შემთხვევაშიო. ჩავედით გარდერობში, მოვძებნეთ ტანსაცმელი, მერე ბოხჩაც, მერე გრიმი და გავედით გადაღებაზე. ფუფალა დღეს საზოგადო სახელად იქცა...
სახელის ისტორია, რომელიც ერთხელ მოჰყვა, ბევრს არ გეცოდინებათ.
"რომ დავიბადე, ერთი თვე სახელი არ მერქვა" - ეს არის ფრაზა სოფიკო ჭიაურელის ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც ის ჰყვება, ლეგენდარულ ვერიკოსა და მიხეილს, როგორ სურდათ ქალიშვილისთვის ორი სხვადასხვა სახელის დარქმევა.
სოფიკო ჭიაურელი: - ჩემი დაბადების დღე, 21 მაისი წმინდა ელენეს ხსენების დღეა. დედას უნდოდა ჩემთვის ელენა დაერქმია, მამას კი - სოფიას დარქმევა სურდა.
საბოლოოდ, როდესაც ერთი თვე შემისრულდა, მამამ ორი ფურცლის ნაგლეჯზე დაწერა ეს სახელები და ჩაყარა ქუდში. ქუდი მომიტანა და ხელი ჩამაყოფინა. მე ქუდიდან ამომიღია ფურცელი წარწერით - სოფია. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სახელი ამოვიღე, რადგან სოფია - ეს სიბრძნეა.