ფეხბურთის ქართველი მწვრთნელი გარდაიცვალა

გლოვა

ფეხბურთის ქართველი მწვრთნელი თემურ მახარაძე 75 წლის ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა.

1997-98 წლების სეზონში თემურ მახარაძის გაწვრთნილმა თბილისის „მერანი 91’’-მა ინტერტოტოს თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. 5-გუნდიან ჯგუფში „მერანმა’’ 4 მატჩი გამართა, შინ მოსკოვის „ტორპედოსთან’’ დამარცხდა - 0:2, ანალოგიური ანგარიშით სტუმრად სალონიკის „ირაკლისთან’’ დამარცხდა, თუმცა მალტური „ფლორიანა’’ 5:0 გაანადგურა. ასევე, სტუმრად ავსტრიული „რიდი’’ დაამარცხა (1:3). ამ ფორმაციის „მერანი 91''-ში ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილის მამა, სულიკო თამაშობდნენ. ინტერტოტოს თასის ჯგუფურ ეტაპზე კლუბები საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე ხვდებოდნენ (ამ თემაზე იხილეთ სტატია).

მახარაძე არაერთ ქართულ კლუბს წვრთნიდა: თბილისის „დინამოს'' დუბლშემადგენლობა, თბილისის „მერანი’’, თბილისის „ლოკომოტივი'', ბოლნისის „სიონი’’, „ზესტაფონი’’, რუსთავის „ოლიმპი’’, ლანჩხუთის „გურია’’, „სასკო'', თერჯოლის „საპოვნელა’’, „რუსთავი’’, „შევარდენი’’, „გარეჯი’’. მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონმა’’ საქართველოს თასი მოიგო (2006-07), რუსთავის „ოლიმპი’’ საქართველოს ჩემპიონი გახდა (2009-10). თემურ მახარაძე სხვადასხვა დროს თემურ ქეცბაიასთან, ალექსანდრე იაშვილთან და გიორგი დემეტრაძესთან მუშაობდა. CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.