პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1 დეკემბერს, 81 წლის ასაკში, ამერიკაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია გარდაიცვალა.
ნუგზარ შარია საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, სხვადასხვა ფილმში შესრულებული როლებით, მათ შორის - „ხევისბერი გოჩა“, „აბესალომ და ეთერი“, „პალიასტომი“ და „ენგურის ნაპირებზე“.
პირველი როლი 15 წლის ასაკში შეასრულა, 26 წლის ასაკში კი საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.
2020 წელს ლოს-ანჯელესში, ნუგზარ შარია ფარული კენჭისყრით აირჩიეს „ოსკარის“ ჟიურის თავმჯდომარედ - მისი კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა.
ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, „პრაიმტაიმი“ ცნობილი რეჟისორის ვაჟს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ზურაბ შარიას ესაუბრა და გაარკვია, რომ რამდენიმე დღეში, მისი საქართველოში გადმოსვენება იგეგმება:
რამდენიმე დღის წინ, ახალი ვირუსი შეხვდა და ძალიან მძიმედ იყო. გერმანიაში, კერძოდ, მიუნხენში, ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.
2 კვირა რეანიმაციაში იმყოფებოდა მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს ამბავი გუშინ 1 დეკემბერს მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ, რომ მისი დასაფლავების შესახებ, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო.
მის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, ჩართულია საკონსულო და ველოდები პასუხს. რადგან გადმოსვენების თარიღთან დაკავშირებით, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ჯერჯერობით თავს ვიკავებ.
პანაშვიდები, სიონის საკათედრო ტაძარში, ხოლო დაკრძალვა მახათას მთაზე, ახალ პანთეონში გაიმართება. ამ ეტაპზე, საკონსულო ჩართულია და პროცედურები, მის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, დაწყებულია.
- გერმანიაში, სამკურნალოდ იმყოფებოდა?
არა, მეუღლესთან ერთად ხშირად დადიოდა ხორვატიაში, მაგრამ მიუნხენში, საქმეზე იყო ჩასული. ვირუსი იქ დაემართა, თავიდან კოვიდი ეგონათ, მაგრამ არ აღმოჩნდა.
- მახსოვს, სიმსივნე ჰქონდა...
სიმსივნე, პანდემიამდე ერთი წლით ადრე დაამარცხა, რამდენიმე თვის წინ, ივლისში, ანალიზები გაიკეთა და ყველაფერი იდეალურად ჰქონდა, სრულიად ჯანმრთელი იყო.
- სამწუხაროა, რომ არ შესრულდა რეზო ჩხეიძის ანდერძი - ნუგზარ შარიას ვარსკვლავის გახსნა, რაც მისი უდიდესი სურვილი იყო...
ვარსკვლავის გახსნის გადაწყვეტილების მიღება, ბოლომდე ვერ მიიყვანეს, სულ ელოდებოდა, მისი უდიდესი ოცნება იყო. წერილი გავუგზავნეთ კინო აკადემიას და პასუხს ველოდებოდით. დღემდე ვერ გავარკვიე, საქართველოში, ვარსკვლავის გახსნაზე, რა ფორმით და სტატუსით ირჩევენ ადამიანებს.
დღე-დღეზე ველოდებოდით პასუხს და ამასთან დაკავშირებით, მამას საქართველოში ჩამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ სამწუხაროა, მისი სურვილი, განუხორციელებელი დარჩა, რის გამოც ძალიან გული მწყდება.
- რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში, აღნიშნავთ, რომ როცა ამერიკული კინოს ცნობილ ვარსკვლავს, იულ ბრინერს (შესანიშნავი შვიდეული) ვარსკვლავი გაუხსნეს, განაცხადა, რომ ჩემი ვარსკვლავის გვერდით, ნუგზარ შარიას ვარსკვლავი უნდა გაიხსნასო...
გარდა ამისა, ბრინერის დამ, გარდაცვალების წინ დაიბარა - როცა მოვკვდები, ჩემი ფერფლი, ჩემი ძმის, იულს და ნუგზარ შარიას ვარსკვლავს შორის დამარხეთო - სამწუხაროა, რომ საქართველოში ეს არ მოინდომეს.
- როგორც ჩანს, ისევ აგრძელებდა მოღვაწეობას...
2023 წლის 5 იანვარს, ისევ მიიწვიეს ოსკარების დაჯილდოებაზე და წასვლას აპირებდა. რამდენიმე ხნის წინ, ოსკარების სახელით ამერიკელმა კინორეჟისორმა სტივენ სპილბერგმა მისწერა, მანამდე ოსკარების კომისიამ ოფიციალური მიწვევა გამოუგზავნა.
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში თქვენი ადგილი ყოველთვის იქნება და როცა გნებავთ, მობრძანდითო.
5 იანვარს, „ოსკარების დაჯილდოების“ თათბირი იმართება და კინორეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ ოფიციალური მიწვევა გამოუგზავნა.
როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე, გერმანიიდან საქართველოში გადმოსვენების ზუსტი თარიღი უცნობია და ველოდები პასუხს, ამიტომ ვერ გავაკეთე განცხადება. როგორც კი დავაზუსტებ, შეგატყობინებთ.
თქვენი სააგენტოს საშუალებით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი ტრაგედია.
ძალიან უყვარდა საქართველო, სამწუხაროდ, აღარ არსებობენ ნუგზარის მსგავსი პატრიოტები. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა, არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.