„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
მარადონას ქალაქში ახალი ვარსკვლავი გაჩნდა და მას ხვიჩა კვარაცხელია ჰქვია. მას შემდეგ, რაც, ქართველი ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ადგილობრივი ბეჭდური მედია „კვარა სტელა“ (ვასკლავი) - სათაურებით აჭრელდა...
ნეაპოლში, რომ ,,კვარას" კულტია და ყველა მის სახელს გაიძახის, ამაში ახალი არაფერია და ჩვენი სტატიის თემა ეს სულაც არ არის. რამდენიმე დღეში, ხვიჩა კვარაცხელიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება.
„პრაიმტაიმი“ ამ ფილმის ერთ-ერთ რეჟისორს, თედო გოგოლაძეს ესაუბრა.
ის, რაც ფილმში ვერ მოხვდა, როგორია ნეაპოლელების დამოკიდებულება ქართველი ფეხბურთელის მიმართ, როგორია რეალური კვარა? - ამ და სხვა კითხვებზე ექსკლუზიურ პასუხებს ფილმის რეჟისორისგან შეიტყობთ.
მანამდე კი, თავად რეჟისორი უნდა გაგაცნოთ. როგორ აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე ერთ დროს ფეხბურთელობაზე მეოცნებე ბიჭი - თედო, საუბარს სწორედ თავისის ისტორიის მოყოლით იწყებს.
„დავიბადე 1992 წელს, ხაშურში. ბავშვობაში ჩემი ოცნება იყო ფეხბურთელი გამოვსულიყავი. ფეხბურთი ლივერპულის იმ დროინდელმა ვარსკვლავმა მაიკლ ოუენმა შემაყვარა. ბავშვობაში ოუენი მეგონა თავი როცა ბურთს დავდევდი, ჩემი სოფლის, ქვიშხეთის მინდვრებში. ცოტა რომ წამოვიზარდე კინომ გამიტაცა და თინეიჯერობის ასაკში ჩემი ტელეფონით ვიღებდი პატარა ჩანახატებს. თანდათან მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და უნდა მეკეთებინა. ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, კინო საოპერატოროზე, სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღე. მაშინ მქონდა პირველი შეხება კინოსთან, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რეჟისორ ლევან დაბრუნდაშვილს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა ნიკუშა გორდეზიანმა, სარეკლამო კომპანია დავაარსეთ და დაიწყო დიდი გამოწვევებიც. გადავიღეთ არაერთი მასშტაბური სარეკლამო რგოლი. როგორც რეჟისორს, მითანამშრომლია ტელევიზიებთან და გადამიღია გადაცემის შეფუთვები, პრომოები...“ , - ამბობს თედო გოგოლაძე.
„ნეაპოლში ჩასვლა, ხვიჩა კვარაცხელიას ნახვა და მისი გადაღება, ჩემი ბავშვობის ოცნებაში მოგზაურობას ჰგავდა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი საყვარელი ქართველი ფეხბურთელი ეთამაშებოდა ჩემ საყვარელ გუნდს, ,,ლივერპულს", რომელმაც ფეხბურთი შემაყვარა.
ნეაპოლში მე და ჩემი მეგობარი ოთო გელაშვილი ჩავედით ხვიჩაზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. ფილმი მის დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებზეა, რომელიც სეტანტა სპორტ ჯორჯია და ჯეო თიმის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პრემიერა 22 სექტემბერს შედგება.
რაც შეეხება ჩემს ემოციებს, ჩასვლის წამიდანვე ნეაპოლში, თავი ისე ვიგრძენი, როგორც სამშობლოში, რადგან, რაც იქ ვნახე, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი რამ იყო. როცა ნეაპოლელები იგებდნენ, რომ საქართველოდან ვიყავით, ხმამაღლა ყვიროდნენ, „ჯორჯია“, „კვარაშხელია“. ყველა გვეხუტებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ასაკს და პროფესიას. მათთვის ხვიჩა დიდი იმედი და ნათელი წერტილია. მათი კერპი ხომ მარადონაა და მის შემდეგ ჩვენი ქართველი ფეხბურთელია, ის ვისი იმედიც აქვთ, რომ დააბრუნებს გუნდს და ქალაქს დიდ სიმაღლეზე.
რასაც ჩემი თვალით შევესწარი და ვნახე ეს იყო ყველაზე დიდი სიამაყისა და ბედნიერების განცდა. მთელი ქალაქი ქუჩებში დადიოდა ნეაპოლის ფორმით და ადამიანების 90% -ს კვარას ფორმა ეცვა. მოვიარე ღამით ყველა ბარი, კაფე და კლუბები, ყველგან სადაც იგებდნენ, რომ ქართველი ვიყავი უფასოდ მეპატიჟებოდნენ, მოკლედ, რამდენიმე დღე სასმელში ფული ვერ დავხარჯე. თავი ასე ამაყად არასოდეს მიგრძვნია, არსად.
გავიცანი სამი ქართველი ბიჭი, ანრი, აკო და სანდრო. ეს ადამიანები უკვე წლებია იქ ცხოვრობენ და ფეხბურთს თამაშობენ. ამ ეტაპზე ქვედა ლიგაში არიან, მაგრამ ხვიჩა, მათთვის უცხო ქვეყანაში სტიმული და რწმენის სიმბოლოდ იქცა. ამბობდნენ, რომ კვარამდე როცა იგებდნენ, რომ საქართველოდან ვიყავით, სერიოზულად არავინ გვიყურებდაო. ხვიჩას ფაქტორის შემდეგ კი, ყველა მწვრთნელისთვის მნიშვნელოვან ადამიანებად ვიქეცითო. თუ აქამდე ყველასთვის ჩვენი თავის მტკიცება გვჭირდებოდა, ახლა თვითონ ინტერესდება ყველა გუნდიო. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს. და ასეა, ყველა ქართველი, რომლებიც ნეაპოლში იძულებით არიან წასულები სამუშაოდ, ამაყები არიან, წელში გამართულები დადიან და ბედნიერი, ცრემლნარევი თვალებით იძახიან ხმამაღლა, რომ ქართველები არიან, კვარას სამშობლოდან. შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩა საქართველოს ელჩია მთელ ნეაპოლში და იტალიაში.
რაც შეეხება ხვიჩას, ორჯერ შევხვდი, ერთხელ ბაზაზე ვარჯიშის დროს და მეორედ თამაშზე. ამ ბიჭზე რა შთაბეჭდილებაც მქონდა შექმნილი, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ამ ადამიანში თავმოყრილია თავმდაბლობა, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და სიკეთე. ყველაზე მეტად რამაც გამაოცა ისაა, რომ ეს კეთილი ბიჭი როდესაც მოედანზე გავიდა ლივერპულის წინააღმდეგ, სტადიონზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. რამდენადაც თავმდაბალია, იმდენად დიდია სტადიონზე. ხვიჩა, როგორ უყვართ და როგორ პატივს სცემენ გუნდში პირველივე დღეს გამოჩნდა. როცა ბაზაზე შევედით, მათმა მენეჯერმა ,,ოო, ხვიჩას მეგობრები მოვიდნენო" და თავისი ხელით მოგვიდუღა ყავა. ეს უნდა გასინჯოთ, საპატიო სტუმრებისთვის არისო. როცა უამრავი ადამიანი იყო გარშემო, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას და პატივს გვცემდნენ გუნდში.
მჯერა, რომ ხვიჩა თავის ყველა ოცნებას აისრულებს. ეს კი ყველა ქართველი ადამიანის ასრულებული ოცნება იქნება. წარმატებები მას. ერთ პატარა ბიჭში მთელი საქართველოა ჩატეული.“ - ამბობს თედო.