„უკანა კარებიდან გამოვედი, რომლის შესახებაც მან არ იცოდა“ - რას ჰყვებიან გათავისუფლებული მძევლები

მძევლები

„საქართველოს ბანკის“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული გრიგოლ ნარსია ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისთვის ჯერ ბრალი არ წარუდგენიათ. 

მძევლები, თავდამსხმელის ბანკში შეჭრისა და გათავისუფლების მომენტს იხსენებენ.

„არ იცოდა, მაინც ვერ გაიგო, რომ მეორე კარები იყო, სპეცრაზმს რომ გაჰყავდა მერე მიხვდა. რომ განერვიულდებოდა ხოლმე პერიოდულად და მაგის რისკი იყო, რომ რომელიმე მძევლისთვის რამე დაეშავებინა. თანხა რომ არ მოჰქონდათ იყო აგრესიული, ისე არაფერს არ გვერჩოდა, უნდოდა უვნებლად გავსულიყავით“ - ამბობს ეკა შელია.

„თვითონ შემოიტანა ზურგჩანთით ყველაფერი, გარეთ გაისროლა, კარები მიხურა, შემოვიდა, ზურგჩანთიდან ამოიღო ხელყუმბარები. უკანა კარები რომლიდანაც შემოვიდნენ, ალბათ ძველი კარები იყო და ის კარები გახსნა პოლიციამ“, - ამბობს ვანო ხეცურიანი.

„ვიჯექი, რიგის ნომერს ველოდებოდი და მაგ დროს შემოვიდა. თანხას, ვერტმფრენს, ანკესს და რუსულ დროშას ითხოვდა“, - ამბობს ლევან ასათიანი.

„უკანა კარებიდან გამოვედი, რომლის შესახებაც მან არ იცოდა არაფერი. პოლიციამ გააღო კარები და გამომიყვანა.. ჩემამდე გამოვიდა ორი თანამშრომელი გოგო, შემდეგ გამოვედი მეც“, - ამბობს შალვა ასათიანი.

ცნობისთვის, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.