Exclusive: „100 ქულიდან 100 ავიღე... წამითაც არ მიგრძვნია, რომ განსხვავებული ვარ...“ - კრისტი ლაბაძის წარმატება და ცხოვრება ავსტრიაში

კრისტი ლაბაძე

სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტრანსგენდერი ქალის, კრისტი ლაბაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. 

„პრაიმტაიმმა“ გასული წლის მაისში დაწერა კრისტის ერთ-ერთი დიდი წარმატების შესახებ, როცა მისი ფოტოები ვენისა და მიუნხენის მუზეუმებში გამოიფინა, ამჯერად, მორიგ სიახლეზე თავად კრისტი გვიამბობს.

კრისტი ლაბაძე: - გერმანული ენის გამოცდა მქონდა, ბოლო ეტაპი, რომელიც აქ ყოფნისთვის, საუბრისთვის და სასწავლებლადაა საჭირო. წარმატებით ჩავაბარე, 100-დან 100 ქულა ავიღე. ამის პარალელურად, ვნახე ტურიზმისა და გასტრონომიის კურსები.

საქართველოში ტრანსგენდერ ქალებს გასაუბრებაზეც არ იღებენ, აქ ერთი წამითაც არ მიგრძნია, რომ ვინმესგან რამით განსხვავებული ვარ. საქართველოსთან შედარებით, აქ სულ სხვა ვითარებაა.

- კრისტი, გიცდია საქართველოში მუშაობის დაწყება, რა გამოცდილება გაქვს ამ მხრივ?

- მიცდია, რადგან არ მინდოდა, სექს მუშაკი გავმხდარიყავი, ურთულესია. მაგალითად, დაიწყე მუშაობა სერვისში, ხელფასი 500 ლარი გაქვს, სამსახურამდე ხომ უნდა მიხვიდე... საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომ შევიდეს ტრანსგენდერი ქალი, ალბათ, იქიდან ვეღარ გამოვა. არ ვიცი, საქართველოში ლგბტ ადამიანმა როგორ უნდა იარსებოს. შეიძლება, დამსაქმებელს უნდოდეს და არანაირი პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ მან ხომ არ იცის, სტუმრად ვინ შევა. თანამშრომლის გამო, არავის დაკარგავს... ამიტომ, ურჩევია, სხვა აიყვანოს.

როცა თბილისში ჩამოვედი პირველად და მუშაობა დავიწყე, უფროსმა დამინახა, ფემინური ვიყავი და სამსახურიდან გამომიშვეს. მალევე, ავსტრიაში წამოვედი. საქართველოში, უმეტეს შემთხვევაში, ყველას გადარჩენისთვის უწევს სექს სამუშაოში ჩართვა. ხომ უნდა იარსებონ, გამოიკვებონ, ბინის ქირა გადაიხადონ?! უმეტესი სახლიდანაა გამოგდებული, როგორც პირადად მე. სხვა გზა და გამოსავალი არ იყო. 

ევროპის ქვეყნებში პირველს, რასაც გეკითხებიან, არის ის, სად მუშაობ. მთავარია, ადამიანი ინტეგრირდეს. ევროპაში ადამიანს განვითარების საშუალება ეძლევა, მთავარია, მოინდომო და მიზანი დაისახო.

- თუ აპირებ ცოდნის გაღრმავებას, რა გეგმები გაქვს? 

- ვფიქრობ, რომ გერმანულის სწავლას მთელი ცხოვრება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კურსები დავასრულე და ყველა წარმატებით ჩავაბარე, მაინც ვაპირებ. გერმანული ჩემი მშობლიური ენა არაა და ამიტომ, სწავლა სულ საჭიროა. თუ მოდუნდი, მარტივად დაგავიწყდება. თუ მოინდომებ, უფრო და უფრო მეტს მიაღწევ, თან ეს ქვეყანა დიდ შანსს გაძლევს. რელიგიას, ორიენტაციას, აქ მნიშვნელობა არაფერს აქვს. მთავარია, ადამიანი იყო და ცხოვრებაში რამის გაკეთება გინდოდეს.

- მიზნად რა გაქვს დასახული?

- არის საღამოს კოლეჯები, უნივერსიტეტები, რადგან მოსახლეობის 80% მუშაობს. ვგეგმავ, უფრო მაღალ ეტაპზე ავიდე.  მინდა სერტიფიკატის აღება, აქ ფურცლებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოში ვინმეს მენეჯმენტში გამოცდილება რომ ჰქონდეს, ავსტრიაში მუშაობას ვერ დაიწყებს, რადგან აქ სხვა მოთხოვნებია. კოლეჯის შემდეგ უფრო მეტი წინსვლა და წარმატება მექნება. 

- ფიქრობ, რომ საქართველოში ჩამოხვალ, თუნდაც დროებით, საყვარელი ადამიანების სანახავად?

- საქართველოში საყვარელი ადამიანები არ მყავს. ბოლო პერიოდში, არავისთან მაქვს ურთიერთობა. მანდ რომ ვიყავი, არავის ვჭირდებოდი. აქ რომ ვცხოვრობ, ოდნავ მიეჩვივნენ ამ სიტუაციას, მაგრამ მანდ რომ ვიყო, ალბათ მომკლავდნენ.

საქართველოში, ოჯახმა რომც მიგიღოს, მეზობელი, ნათესავი ჩაერევა და ისეთ რაღაცებს იტყვიან, მოაკვლევინებენ შენს თავს. აქ მეზობლები ერთმანეთს არ იცნობენ და ჩემი ცხოვრება ვის რაში აინტერესებს. აქ ძალიან დახურული ცხოვრებაა, მე არ მაქვს უფლება, ვინმეს ქალით ან კაცით მივმართო, ჯერ უნდა ვკითხო, როგორ სიამოვნებს. არ ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებაზე.