ახალგაზრდა, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა, 22 წლის ტრანსგენდერი ქალია - გაიცანით ელენა ჭუმბურიძე

ელენა

ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გამოაქვეყნა 22 წლის ბადრი ჭუმბურიძის ფოტო, რომელიც უკვე 5 წელია, რაც მეეზოვედ მუშაობს და მისი დამსახურებით, დედაენის ბაღი სუფთა და მოწესრიგებულია.

„პრაიმტაიმი“ ახალგაზრდის შესახებ დაინტერესდა და გავარკვიეთ, რომ ის ტრანსგენდერი ქალია და თავის დასამკვიდრებლად არც ისე მარტივი ცხოვრება აქვს გამოვლილი.

ელენა: „თბილსერვის ჯგუფში“ მუშაობა 2019 წლიდან დავიწყე. დედაენის ბაღში უკვე მესამე წელია, რაც ვმუშაობ. მუშაობას რომ ვასრულებ, სახლში ვბრუნდები და მომდევნო დღისთვის ვემზადები.

მანამდე, ერთ-ერთ ხინკლის სახლში ვმუშაობდი, დღეში თითქმის 16 საათს, 20 ლარად. ეს მონობაა. ფიზიკურად და მორალურად ძალიან დავიღალე და წამოვედი. ამის შემდეგ მეგობარმა დასუფთავების სამსახურში წამიყვანა.

- როგორ გახდა ბადრი ელენა, რა გზა გაიარეთ?

- ეს ბავშვობაში აღმოვაჩინე. 10 წლიდან თავს ტრანსგენდერი ქალად მივიჩნევ. დასავლეთის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოსვლის შემდეგ თბილისში ადაპტაცია ცოტა გამიჭირდა, მრცხვენოდა, არავის ვიცნობდი, არ ვიცოდი რა როგორ გამეკეთებინა. არ მქონდა სამოსის, პარიკის და კოსმეტიკის ყიდვის საშუალება. ამიტომ ბიჭის ფორმით მიწევდა ცირკთან დადგომა. არ მქონდა მაკიაჟი, არ მეცვა კაბა და ვიდექი როგორც ბიჭი. ამის გამო დიდი ბულინგი წამოსულა, ტრანსგენდერი ქალობის შენ რა გეტყობაო. მანქანებიდან ხშირად უსვრიათ შუშის ბოთლები, ქილები, არ მომხვედრია, მაგრამ ძალიან ბევრჯერ გადავრჩენილვარ. ვყოფილვარ ძალადობის მსხვერპლიც...

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ოჯახთან, როგორ მიიღეს თქვენი განსხვავებული ორიენტაციის შესახებ ინფორმაცია?

- ოჯახიც ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, რადგან ჩემი განსხვავებული ორიენტაცია ვერ მიიღეს. პოლიციასაც კი მივმართე ამის გამო. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოცმუშაკებს მივმართე. სოციალურმა სააგენტომ ბავშვთა სახლში გადამიყვანა, სადაც 4 წელი ვცხოვრობდი.

18 წლის რომ გავხდი, ბავშვთა სახლიდან წამოვედი. ამ დროს ოჯახიც შემირიგდა, 4 თვე მათთან ვიყავი. შემდეგ თბილისში წამოვედი... ამის შემდეგ გადავწყვიტე ცირკთან დადგომა და 2 კაპიკის შოვნა, რომ მშიერი არ მოვმკვდარიყავი.

- დღესდღეობით ოჯახთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- მშობლებთან და დასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მართალია, ჩემს ორიენტაციას ვერ ეგუებიან, მაგრამ იძულებულები არიან მიმიღონ ისეთი, როგორიც ვარ. ბავშვობაში ეპილეფსია მქონდა, დედას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემს გამოჯანმრთელებაში. ყველაფერი გააკეთა, რომ განვკურნებულიყავი.

- ქირურგიული ჩარევებისთვის თუ მიგიმართავთ?

- ოპერაციები არა, მხოლოდ ეპილაციას ვიკეთებ. ვაპირებ, ფსიქიატრთან და ფსიქოლოგთან კონსულტაციას, რომ ჩავიტარო გამოკვლევები და ჰორმონალური მედიკამენტების მიღება დავიწყო.

- სხვა ტრანსგენდერ ქალებთან თუ მეგობრობთ?

- თავიდან გარიყულად ვგრძნობდი თავს, მერე მეგობრები შევიძინე. გასაჭირში ერთმანეთის გვერდით ვართ. ზოგჯერ არის ხოლმე კონფლიქტები, ერთმანეთს ეჯიბრებიან.

- პირადში რა ხდება?

-  შეყვარებული მყავს. კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ ვხვდებით ერთმანეთს. ვფიქრობ, დისტანცია ურთიერთობებში ძალიან კარგია. ტრანსგენდერი ქალები ამბობენ, რომ ჰყავთ ქმრები და უწევთ მათი რჩება. ჩემს შემთხვევაში პირიქითაა, ჩემი მეორე ნახევარი ჩემზე ზრუნავს. როცა ფული დამჭირვებია და მასაც არ ჰქონია, უსესხია და ისე მოუცია. ერთად ცხოვრების დროს ხშირია კამათი, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, 2-3 დღეში ერთმანეთს ვურეკავთ და ვსაუბრობთ. 

- მარტივია თქვენთვის საქართველოში ცხოვრება?

- საქართველოში ტრანსგენდერი ქალების ცხოვრება მარტივი არ არის. კაცები რომ გამოდიან და ტრანსგენდერ კაცებს აგინებებ, ეს მაგარი სიცრუეა. ხვდებოან ტრანსგენდერ ქალებს, მეორე დღეს გამოდიან და აგინებენ, ამას ჩვენ „ლატენტურ პიდ***-ებს ვეძახით.

- ელენა, თქვენს გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვება და ცხადია, იქნება კრიტიკაც და ჰომოფობიური ბულინგი. ამაზე როგორი დამოკიდებულება გექნებათ?

ცხადია, ეს ყველაფერი იქნება. იყოს, ამაზე არ ვინერვიულებ და არც შემეშინდება. მე ჩემს სიმაღლეზე დავრჩები და პასუხსაც არ გავცემ ამ ყველაფერს. მთავარია, მე ჩემს ორიენტაციას ვაღიარებ... მე ვარ ტრანსგენდერი ქალი, ჩემს საქმეს გულით ვუდგები, ჩემს მოვალეობას ვასრულებ. ვინ რას დაწერს, ეს ჩემი საქმე არ არის.